ავტორი:

აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის მორიგი ტანკერი დააკავა, ამასთანავე ამ დროისთვის კიდევ ერთი გემის დევნა მიმდინარეობს - რა ხდება ცნობილი?

აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის მორიგი ტანკერი დააკავა, ამასთანავე ამ დროისთვის კიდევ ერთი გემის დევნა მიმდინარეობს - რა ხდება ცნობილი?

ამერიკელმა სამხედროებმა 20 დეკემბერს, ვენესუელის სანაპიროსთან მორიგი გემი დააკავეს - ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება ვენესუელისკენ მიმავალი და ვენესუელიდან წამოსული ნავთობის ყველა სანქცირებული ტანკერის სრული ბლოკადის შესახებ.

22-ში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ხომალდები ამავე რეგიონში კიდევ ერთ ნავთობის ტანკერს მისდევდნენ - ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო დღეებში.

როგორც CBS და ასევე Bloomberg იუწყებიან, კვირას აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდებმა დაიწყეს პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის - Bella 1-ის დევნა, რომელზეც შეერთებულ შტატებს სანქციები აქვს დაწესებული.

ტანკერი ვენესუელისკენ მიემართებოდა. CBS News-ისთვის კომენტარში ერთ-ერთმა ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გემი "მიეკუთვნება ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც ვენესუელას სანქციების უკანონოდ გვერდის ავლაში ეხმარება“ და "ცრუ დროშის ქვეშ ცურავს“.

ბოლო კვირებში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან სამხედრო ყოფნა გააძლიერა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ნარკოტრეფიკთან ბრძოლისკენ არის მიმართული. თუმცა კარაკასში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონი რეჟიმის შეცვლას ცდილობს, რათა ვენესუელის ბუნებრივ რესურსებზე, პირველ რიგში კი ნავთობზე, კონტროლი მოიპოვოს.

სექტემბრიდან აშშ-მა კარიბის ზღვაში ნარკოტრეფიკში ეჭვმიტანილ 20-ზე მეტ გემს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა.

შაბათს დაკავებული გემი Centuries - ი კი, CNN-ის ინფორმაციით, გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და აზიისკენ მიემართებოდა. BBC Verify-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის საკუთრებაში მყოფი ეს ტანკერი ასევე მოძრაობდა საბერძნეთისა და ლიბერიის დროშებით.

10 დეკემბერს კი, შეერთებულმა შტატებმა დააკავეს დიდი ნავთობის ტანკერი Skipper-ი, რომელიც ირანთან კავშირების გამო ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ვენესუელის ხელისუფლებამ შაბათს ტანკერის დაკავებას ქურდობა უწოდა და განაცხადა, რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ამერიკული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩეს, მათ შორის მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოსაც.

როგორც პირველი ოპერაციის დროს, შაბათსაც ოპერაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით ჩაატარა. სპეციალურმა ტაქტიკურმა ჯგუფმა იმ დროს დააკავა, როდესაც ის საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს მოქმედებებს სანქცირებული ნავთობის უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონში ნარკოტერორიზმის დაფინანსებისთვის გამოიყენება", - დაწერა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელ X-ში, სადაც შაბათს ჩატარებული ოპერაციის შვიდწუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: