უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ლიპეცკში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა.
უწყების ცნობით, 20-21 დეკემბრის ღამეს ლიპეცკის მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა და მტრის კუთვნილი ძვირადღირებული „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაიწვა.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აგრესორის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა“, - აცხადებენ უწყებაში.
მათი ინფორმაციით, ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა, - ინფორმაციას რეგიონის ოპერატიული შტაბი Telegram-ზე ავრცელებს.
„გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. არც ეკიპაჟის წევრებს შორის და არც სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა.
მანამდე, 21 დეკემბრის საღამოს, იმავე Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა სოფელ ვოლნაში მდებარე ტერმინალთან მილსადენი დააზიანა.