ავტორი:

ქუთაისის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში დასახლებული წყვილის ისტორია: "ჩვენი სიყვარული საოპერაციო ბლოკში დაიწყო"

ქუთაისის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში დასახლებული წყვილის ისტორია: "ჩვენი სიყვარული საოპერაციო ბლოკში დაიწყო"

უკვე მესამე წელია, რაც ახალგაზრდა ექიმმა, სალომე ჯაფარიძემ სიყვარულის გამო ედინბურგი მიატოვა და ქუთაისის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში პატრიკეთში დასახლდა.

მისი რჩეული ასევე ექიმი ონისე ნამჩევაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წარმატებული ექიმია და ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეუძლიათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, მამა-პაპისეულ სახლს არ ტოვებენ. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორია მათი სიყვარულის ისტორია და ცხოვრება ერთ პატარა სოფელში? - ამის შესახებ ექიმების ონისე და სალომე თავად გვიამბობენ:

ონისე:

- ჩემს ნათესავს წამოვყევი თბილისში, ოპერაციას იკეთებდა, ოპერაციის დროს ვნახე სალომე, ძალიან მომეწონა, ძალიან, მერე შევყევი საოპერაციოში, მერე ათას მიზეზს ვიგონებდი, რომ დავლაპარაკებოდი, გამოვართვი ტელეფონის ნომერი, მერე როგორც ხდება ხოლმე... დღეს ჩემს ნათესავს ყველაფერი კარგად აქვს, მე კი მყავს ლამაზი ცოლი (იცინის).

სალომე:

- დიახ, ჩვენი სიყვარული საოპერაციო ბლოკში დაიწყო, თუმცა მე მაშინ შოტლანდიაში გადასვლა მქონდა დაგეგმილი და მაინც არ შევცვალე გეგმები. ვიფიქრე, თუ სიყვარული ნამდვილია, ყველაფერს გაუძლებს-მეთქი... და ასეც მოხდა…

- ედინბურგიდან საქართველოს ერთ ჩვეულებრივ სოფელში გადმოსვლა და ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

სალომე:

- მართლა ნებისმიერ ადგილზე შეგვეძლო ცხოვრება, მაგრამ ჩემ მეუღლეს სიგიჟემდე უყვარს თავისი სოფელი, მეც ედინბურგიდან პირდაპირი პატრიკეთში გადავსახლდი და გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არაფერს ვნანობ, გვერდით მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს და მაქვს საყვარელი საქმე.

ონისე:

- ერთხელ მკითხეს სად იცხოვრებდი პატრიკეთის გარდა და გეგუთი დავასახელე, იმიტომ, რომ ჩემი სოფლის გვერდით არის. აქ სოფლის საქმეებსაც ვაკეთებ - ვრგავ, ვთესავ, სანადიროდ დავდივარ… განა ამის საჭიროება მაქვს და მწვანილს ან პომიდორს ვერ ვიყიდი, უბრალოდ, მიყვარს ეს ყველაფერი, მიყვარს აქაური ხალხიც, აქ გავიზარდე და ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილია.

სალომე:

- სხვათა შორის, ხშირად აღნიშნავენ ჩვენს ასაკობრივ სხვაობას. ჩვენს შორის ზუსტად ცხრა წელია სხვაობა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემს დიდ ბებიასა და დიდ ბაბუას შორის იყო. მათი სიყვარული ლეგენდასავით დადიოდა, ძლიერი და სიცოცხლის ბოლომდე ერთგული. ზუსტად ასე გვინდა შევაბერდეთ ერთმანეთს ჩვენც.

- გარდა იმისა, მეუღლეები ხართ და ერთ საქმესაც ემსახურები. ეს როგორ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში?

ონისე:

- საქმეს ერთად ვაკეთებთ, არა როგორც მხოლოდ კოლეგები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებმაც იციან, რამდენი შრომა, უარყოფა და მოთმინება დგას თითოეული ნაბიჯის უკან. ჩვენ ერთად, ნულიდან დავიწყეთ კლინიკის მშენებლობა. სხვათა შორის, იდეა ჩემი არ იყო… ის დაიბადა საუბარში, გაიზარდა შრომაში და დღემდე ინარჩუნებს ძალას იმიტომ, რომ ერთიანი ძალა ვართ.

სალომე:

- მოგვიანებით ლეჩხუმშიც გავხსენით ფილიალი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ფინანსურად მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნებოდა, ვინაიდან ეს რეგიონი თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. ეს საქმე ჩვენთვის პრინციპის საქმეა და არა ბიზნესი - გვინდა, რომ დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ ყველაფერი კარგი და ხარისხიანი მხოლოდ დიდ ქალაქებშია. არ შეიძლება ადამიანი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებიდან დასავლეთ საქართველოდან თბილისში მიდიოდეს. ჩვენ უკვე იმდენს მივაღწიეთ, რომ პირიქით, თბილისიდან აქ დადის ხალხი. ჩვენი ოცნებაა, სხვა პროფესიის წარმომადგენლებმაც აგვიბან მხარი, ერთად გავაძლიეროთ რეგიონი, ყველამ იმ კუთხის განვითარებაზე ვიზრუნოთ, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. არ შეიძლება ეს უმშვენიერესი სოფლები გავერანდეს და ყველა ერთ დიდ ქალაქში დავსახლდეთ.

- ქუთაისელები განსაკუთრებული იუმორით გამორჩევიან, ალბათ კურიოზებიც მრავლად გქონიათ.

სალომე:

- ერთხელ ოპერაციის წინ ერთი პაციენტი მეკითხება: ექიმო, ამ თვალში ამერიკული ლინზა მაქვს და მეორე თვალში ფრანგული რომ ჩავიდგა, შეიძლებაო? ცოტა კი შევცბი, მაგრამ მერე გავეხუმრე, - შეიძლება, მაგრამ იცოდეთ, ერთი თვალიდან თავისუფლების ქანდაკებას დაინახავთ, მეორიდან კი ეიფელის კოშკს-მეთქი. ორივემ გულიანად ვიცინეთ და უხერხული მდგომარეობიდანაც გამოვედი.

- როგორც მივხვდი, ორივე თვალის ექიმი ხართ...

ონისე:

- დიახ, თავიდან ტრავმატოლოგობა მინდოდა, მაგრამ იქ არ მიმიღეს და საბოლოოდ ოფთალმოლოგიაში აღმოვჩნდი. მას შემდეგ ყოველდღე მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ტრავმატოლოგიაში ვერ დამინახა. პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ინდოეთში ყოფნა, იმედია, აღარასდროს მომიწევს იქ დაბრუნება, მაგრამ მაშინ ძალიან საჭირო გამოცდილება იყო. ჩემი პროფესიული ინტერესებია კატარაქტის ქირურგია და რეფრაქციული ქირურგია. იქ შედეგი პირდაპირ ჩანს და სიმართლე რომ ვთქვა, ბედნიერი სახის დანახვა ყოველთვის მირჩევნია.

სალომე:

- მეც ღვთის მადლიერი ვარ ოფთალმოლოგიაში რომ მოვხვდი. როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩემს თავს ვუთხარი, ამდენ ხანს სად ვიყავი-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს სფერო მართლა ძალიან საინტერესოა. პირველი კურსიდან ვმუშაობდი და ამ წლებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვა. სწორედ ჩემი ამ წლების გამოცდილება ჩვენი კლინიკის განვითარებაში ჩავდე - ყველაფერი, რაც ვისწავლე და პრაქტიკაში დავინახე, ამ სივრცის შექმნასა და გაძლიერებას მოვახმარე. შემეძლო მხოლოდ მმართველობაში ყოფნა, (პირველი წელი ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ზუსტად ამას დავუთმე), მაგრამ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა პაციენტებთან მაქვს პირდაპირი კონტაქტი. ამიტომ ექიმობა ავირჩიე.