ავტორი:

რუსი გენერალი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს გარდაიცვალა - ის რუსეთის მიერ წარმოებულ არაერთი სამხედრო აგრესიის მონაწილე იყო, მათ შორის 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგაც

რუსი გენერალი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს გარდაიცვალა - ის რუსეთის მიერ წარმოებულ არაერთი სამხედრო აგრესიის მონაწილე იყო, მათ შორის 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგაც

მოსკოვის სამხრეთით, იასენევის ქუჩაზე, საკუთარი ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების მუხლებით დაიწყო.

აფეთქება 22 დეკემბრის დილას, საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 56 წლის გენერლის კუთვნილი Kia Sorento-ს ძარაზე დამონტაჟებული იყო მაგნიტური ნაღმი, რომელიც ავტომობილის დაძვრიდან რამდენიმე მეტრში ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ მიღებული მრავლობითი ჭრილობებისა და ტრავმების შედეგად სარვაროვი გარდაიცვალა. რუსული მხარე მომხდარში უკრაინული სპეცსამსახურების კვალს ეძებს.

  • ვინ იყო ფანილ სარვაროვი?

სარვაროვი რუსეთის სამხედრო ელიტის გავლენიანი ფიგურა იყო. მისი კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიებთან:

  • საქართველო და კავკასია: მონაწილეობდა ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტსა და ჩეჩნეთის ომებში. 2008 წელს, გენერალური შტაბის აკადემიის დასრულების შემდეგ, ის ჩართული იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციის ოპერატიულ დაგეგმარებაში.
  • სირია და უკრაინა: 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა ოპერაციებს სირიაში, ხოლო 2016 წლიდან სათავეში ედგა გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს. ის ასევე შეყვანილი იყო უკრაინაში შეჭრის მონაწილე იმ მეთაურთა სიაში, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.