ავტორი:

"თუ ერთმანეთი დავკარგეთ, რა აზრი ექნება, ვინ ვის მხარეს არის?! ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა..." - მაკა მახარაძე

"თუ ერთმანეთი დავკარგეთ, რა აზრი ექნება, ვინ ვის მხარეს არის?! ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა..." - მაკა მახარაძე

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი მაკა მახარაძე. მან ჩვენი მკითხველის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიას სტატიის ბოლოს ნახავთ.

ნუნუ:

- რას ნიშნავს, როდესაც ხარ ბალეტის მოცეკვავე და რას მოითხოვს ეს პროფესია ადამიანისგან?

- ბალეტის მოცეკვავე - ეს ურთულესი პროფესიაა. გარედან ჩანს, რომ ყველაფერი მსუბუქი, ნაზი და ლამაზია. არადა, ამაში წარმოუდგენლად დიდი შრომა იდება... რთულია ჩემი პროფესია, მაგრამ თავიდან რომ დამაწყებინა, იმავეს გავაკეთებდი. ბავშვობიდან ეს ჩემი ოცნება იყო. ალბათ ასეა, პატარაობიდან გოგონების 80% - ამაზე ოცნებობს. მათ ზღაპრული სამყარო, სამოსი, ულამაზესი პაჩკა ხიბლავთ...

ამაზე ოცნება რომ დავიწყე, მაშინ საქართველოში ტელევიზიაც არ არსებობდა, რომ ვთქვათ, იქ მენახა და იქიდან შემყვარებოდა... რაც შეეხება თეატრში სიარულს, თეატრი ჩემთვის რუსთაველის თეატრი იყო. იქ ფიზიკურად არ დავბადებულვარ, თორემ ჩემი მთელი ბავშვობა იქ გავატარე. სულ იქ ვიყავი, იქ ვიზრდებოდი, დედაც იქ მუშაობდა და მამაც. ვმონაწილეობდი სპექტაკლებშიც. 5 წლისა პიესაში "ფილოსოფიის დოქტორი“ გერმანელი ბიჭი გახლდით. სცენაზე დედაჩემი ჩემი პერსონაჟის დედა იყო. მამა და დედა სპექტაკლში გაცილებულ წყვილს თამაშობდნენ - თითქოს წინასწარმეტყველება იყო... მოკლედ, დედას სხვა უყვარდა და ამ როლს რამაზ ჩხიკვაძე თამაშობდა. როგორც წესი, სცენაზე ისინი სულ წყვილი იყვნენ და სულ სასიყვარულო ამბები ჰქონდათ...

მერე "ჭინჭრაქაში“ მთვარე ვითამაშე და ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვარ, რომ ჩემი მშობლების უახლოესი მეგობრები საოცარი არტისტები იყვნენ. თეატრში "მოხარშული“ ბავშვისთვის მართლა ოჯახია ასეთი სიტუაცია. "ჭინჭრაქაში“ თამაშობდნენ - დედა, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ზინა კვერენჩხილაძე, ბელა მირიანაშვილი, კარლო საკანდელიძე. მერე შეიცვალნენ მსახიობები და სპექტაკლში შემოვიდნენ - კახი კავსაძე, ელდარ სახლთხუციშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, რომელმაც ამ სპექტაკლში ამპლუა შეიცვალა. მანამდე სულ შეყვარებული, ლამაზი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივად მღეროდა. "ჭინჭრაქაში“ კი ქოსიკო იყო, თავზე თმა არ ჰქონდა... მოკლედ, არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი - ჩემთვის სახლი, ოჯახი და დიდი ბედნიერება. რაც მთავარია, იყო ჩემი ბავშვობა, რასაც ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებულად იხსენებს.

ციცი:

- სახელოვანი მშობლების შვილი ხართ - მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე ქართული სცენის ვარსკვლავები იყვნენ... თავის დამკვიდრება თავადაც შეძელით. როგორ მოახერხეთ, მათი ჩრდილისგან გაქცევა?

- არაფერი მომიხერხებია, ასე მოხდა. ცნობილია, რომ მამამ საბალეტო სკოლა დაამთავრა და უნდოდა ამ საქმეს გაჰყოლოდა. მას კერპებად ორი უსაყვარლესი ადამიანი ჰყავდა - აკაკი ხორავა და ვახტანგ ჭაბუკიანი. როგორც თავის წიგნში წერს, იდგა ოპერისა და ბალეტის თეატრთან, მარჯვნივ იყო თეატრალური უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი, მარცხნივ ოპერის შენობა. მოკლედ გადაწყვიტა, გეზი დრამის თეატრისკენ აეღო და ბალეტს თავი დაანება. მე არ დავანებე...

ჩვენს სახლში სულ იყო ბალეტის კულტი. ამ თემაზე მუდმივად მესმოდა საუბრები. ბალეტის ვარსკვლავების ცნობილი გვარები - ვახტანგ ჭაბუკიანი, ვერა წიგნაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, ბაუერი. საბალეტო სკოლაში ბაუერი იყო მამას პედაგოგი და ალბათ მეც მოვყევი ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ, - არ ვიცი, ვერ გეტყვით.

9 წლისა მიმიყვანეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სწორედ მაშინ გაიხსნა. ჩემი მონაცემების მიხედვით გამოცდები ჩავაბარე. ასეა, იქ ხათრით არავის მიიღებენ. ურთულესი პროფესიაა, თუ მონაცემები არ გაქვს, შეუძლებელია, ფონს გახვიდე. გინდაც საუკეთესო მონაცემები გქონდეს, არავინ იცის, როგორ წავა შენი საქმე. შეძლებ თუ არა ფიზიკურად იმ სირთულის გაძლებას... თუ არ ხარ დაავადებული ამ ავადმყოფობით, რასაც ბალეტი ჰქვია, სხვანაირად და "ისე რა“ ვერაფერს შეძლებ.

უცნობი:

- არსებობს დედის დარიგება. როგორი იყო კონკრეტულად, მამის - კოტე მახარაძის დარიგება?

- საგანმანათლებლო სკოლა და საბალეტო სკოლა ერთ შენობაში გვქონდა. მეცხრე კლასი პირველ კურსად ითვლებოდა, მეათე კლასი - მეორედ და მესამე კურსი დამამთავრებელი კლასი იყო. მეორე კურსზე ვიყავი და მამამ მითხრა, - შენი გამოსვლა და შესაძლებლობები ვნახე, გადავწყვიტე, საბალეტო სკოლიდანო გამოგიყვანოო. სიმართლე უნდა ვთქვა, ვერ მოვიტყუები, ვზარმაცობდი. თავგანწირული შრომა ვერ შევძელი...

მამამ თქვა, - ეს ისეთი რთული პროფესიაა, ისეთი წამებაა, თუ არ ხარ წინა პლანზე, კორდებალეტის უკანა ფლანგზე ყოფნას რა აზრი აქვს?! არადა, იგივე შრომა გიწევს. მე ასე არ მინდაო. ვუთხარი, საბალეტო სკოლიდან თუ გამომიყვან, მტკვარში გადავხტები-მეთქი. ეტყობა, შევაშინე და დამტოვა.

მეორე შემთხვევა ასეთი იყო - 17 წლის ვიყავი, მაშინ დედა და მამა ჯერ ერთად იყვნენ. ჩემთვის ის ასაკი და პერიოდი იყო, როცა დამოუკიდებლობა, თავისუფლება უნდებათ და სიგარეტისკენაც იწევენ... მამას და დედას სიგარეტები მაგიდაზე იდო ხოლმე და იქიდან ვიპარავდი. მამამ ეს შეამჩნია, ალბათ დედამაც, მაგრამ მამამ გამიყვანა ეზოში, საქმე მაქვს შენთანო. ვხედავ, რასაც აკეთებ, სიგარეტს იპარავო. რაც გინდა, გააკეთე, ოღონდ, არ მოიტყუო, მითხარი, მე გავიგებ და დაგელაპარაკები, რაღაც საერთოს გამოვნახავთო.

კიდევ იყო ერთი შემთხვევა - უკვე ჭარმაგი ბალერინა ვიყავი, ასე 35 წლის. საერთოდ ღია ფერის თმა არ მქონდა და ფილმში "მაცივარში ვიღაც იჯდა“ მეც და ჩემი პარტნიორი - ბიძინა ჩხეიძეც სპეციალურად შეგვღებეს. გავხდი ქერათმიანი ქალი და თან თმა შემჭრეს (მას მერე ქერა თმა გამომყვა). ამიტომ კარმენს პარიკით ვცეკვავდი. ერთხელ ვიფიქრე, რა მოხდება, ახლა თმაშეჭრილი კარმენი რომ იყოს და ასე გავიდე სცენაზე-მეთქი და გავრისკე. აღმოჩნდა, რომ იმ სპექტაკლს მამაჩემი ესწრებოდა. სპექტაკლის შემდეგ მოფერებას რომ ველოდებოდი, მითხრა, - არ გრცხვენია? რა არის ახლა ეს, როგორ გაბედე ამის გაკეთებაო?! სერიოზულად გამიბრაზდა. მამისგან ეს სამი შემთხვევა მახსოვს.

თინათინი:

- როდესაც მამამ სხვა ოჯახი შექმნა, ამას როგორ შეხვდით?

- არ იყო ადვილი... სოფიკომდე მას მეუღლე ჰყავდა და შვილიც ჰყავს - ბაია მახარაძე. ბარბარობას არ დაბადებულა, მაგრამ მამამ ჩვენი ბებიის ბარბარე ვეკუას სახელი დაარქვა. ეს ამბავი ცოტა გამიჭირდა, რადგან მე თვითონ უკვე დედა ვიყავი - ნატო 2 წლის იყო და განვიცადე... სოფიკოსთან კი თავიდანვე სრული ჰარმონია გვქონდა. არა იმიტომ, რომ ცნობილი იყო. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და ნიშნავს, რადგან ბავშვობაში სულ გამორჩეულ საზოგადოებაში ვიზრდებოდი... სოფიკოსთან ძალიან ვმეგობრობდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. არავითარი ხინჯი არ გვქონია.

თეატრალი:

- თქვენმა თეატრალურმა ოჯახმა თქვენში რა თვისებები განავითარა?

- განსაკუთრებულად საყვარელი და პოპულარული მშობლები მყავდა და ძმა - თემურ ჩხეიძე. ბევრს მსახიობები გადაპრანჭული ხალხი ჰგონია. ჩემ გარშემო ასეთი არავინ მინახავს - არც ჩემები და არც მათი მეგობრები. ასე რომ, ბედმა გამიღიმა, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე.

ნინო:

- ბალეტიდან წასვლის შემდეგ შექმენით თქვენი საბალეტო სტუდია... პედაგოგობა რამდენად კომფორტულია თქვენთვის?

- 9 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ცეკვისთვის თავი დანებებული მქონდა, რომ საბალეტო სტუდია გავხსენი. ჩვენი სტუდია არ არის პროფესიული, ის ბავშვებისთვის სიხარულის მომტანია და რაღაც დონეზე პროფესიულიც. არ არის მოთხოვნადი, გინდა თუ არა ეს უნდა გააკეთო, ისწავლო და ამას თავი შეაკლა. აქ მთავარია, რომ ბავშვები ბედნიერები არიან და მგონი, მათი მშობლებიც. კარგი იქნებოდა, რომ ეს სტუდია უფასო იყოს, მაგრამ არ გამოდის, ამას ძალიან განვიცდი. სხვანაირად არ გამოდის, გამორიცხულია, ამიტომ მშობლებს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, რომ ასეა. ეს ყველაფერი ისევ მათი კომფორტისთვისა. მნიშვნელოვანია, რომ ესმით. ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია ვინმე, რომ ეს გაეპროტესტებინა.

დიდი მოთხოვნაა, ხშირად მშობლების, ბებიებია-ბაბუების მხრიდან. მერე საოცარი სანახავია, როდესაც მამებს მოჰყავთ შვილები და ელოდებიან. ხშირია ასეთი ფაქტები, თან, სულ ახალგაზრდა მამები არიან. ასეც ხდება - ერთი ეტლში უწევს და მეორე გაკვეთილზე მოჰყავს. ასეთი ნდობა ადამიანებისგან დასაფასებელია.

რაც შეეხება ისეთი გოგონების რაოდენობას, რომლებიც შეიძლება პროფესიულ სკოლაში მოხვდნენ, მათი რიცხვი ძალიან ცოტაა. ამისთვის ბევრი მონაცემი უნდა ჰქონდეთ, - შესაბამისი უნარების დიდი თაიგულია. იმ ყველაფერს გაძლება და დაძლევა უნდა. თუ ბავშვს არ აქვს ასეთი მონაცემები, არ ვეუბნებით, რომ რა კარგია. გვყოლია გოგონები, გარეგნულად ბალერინები ყოფილან, მაგრამ მონაცემები არ ჰქონიათ.

მკითხველი:

- "ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო“ - ეს თქვენი ძმის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის სიტყვებია. რაიმეს გრძნობდა? და იყავით თუ არა მის გვერდით?

- ეს ბევრად ადრე იყო, მაგრამ ასე არ და ვერ მოხდა... დილის 4 საათზე გარდაიცვალა... სულ იქ ვიყავით, მაგრამ რეანიმაციაში არ გვიშვებდნენ, მხოლოდ ნანის, ისიც იშვიათად, ხანგრძლივად იქ ვერ დატოვებდნენ...

როცა ჩვენი დიდი ოჯახი იკრიბებოდა შობას, აღდგომას, თემურს ვეუბნებოდით, რომ შენ ხარ ჩვენი ოჯახის უფროსი, ასაკითაც ასე იყო და ისედაც... - არაფრის უფროსი არ ვარ, თავი დამანებეთ. შენ იყავი უფროსიო... უბრალოდ, ერთად ყოფნა გვინდა და გამოგვეცალა მთავარი ადამიანი, მაგრამ მაინც არ ვკარგავთ ამ ურთიერთობას, ისევ ერთად ვართ ჩვენი შვილებით, შვილიშვილებით.

დადუ:

- თქვენი შვილები, შვილიშვილები ნიჭიერი ხელოვანები არიან... რა როლი მიგიძღვით მათ წარმატებაში?

- დათა თავაძე ჩემი პირველი შვილიშვილია, რომელსაც ბავშვობაში ეძინა თუ ეღვიძა, დედამისს სულ მოცარტი ჰქონდა ჩართული. ეს შემდგომ მასზე ძალიან ნათლად აისახა, რადგან პატარაობიდან ოპერა უყვარდა. იძახდა, - რეჟისორობა იმიტომ მინდა, რომ ოპერები დავდგაო. ამის შესაძლებლობა არ მიეცა... მერე ერთხელ თქვა, იცი, რა? ვერდი არ მომწონს, მარტო მოცარტი მიყვარსო. ასეთ ატმოსფეროში ნამდვილად იზრდებოდა. ასევე იყო სულ თეატრში - ხან ერთში, ხან - მეორეში. დრამა, ოპერა, თეატრი მისთვის ეს ყველაფერი ახლო იყო. არ ჭირდა იმის გარკვევა, მსახიობი გამხდარიყო, მოცეკვავე თუ რეჟისორი. კი, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რომ ისინი კარგად გამოგვეზარდა.

ქეთი:

- ყოველთვის თამამი იყავით გადაწყვეტილებებში? რას გვეტყვით თქვენს ტატუზე?

- 70 წლის რომ გავხდი, მაშინ ხდება ეტყობა, რაღაცები. არადა, სულ მინდოდა. ჰოდა, ავდექი და გავიკეთე. არასდროს ვყოფილვარ თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში, ყოველთვის მიჭირდა. მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ ავდექი და ტატუ გავიკეთე.

ეკა:

- როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

- ისეთი, რაც ბოლო 35 წელია მაქვს - მშვიდობა, სიკეთე, ერთმანეთის პატივისცემა. არ უნდა ვეჭიდაოთ იმას, ვინ ვის მხარეს არის, თუ ერთმანეთი დავკარგეთ, რა აზრი ექნება, ვინ ვის მხარეს იქნება?! ალბათ ძნელია, რაღაცების დათმობა, მაგრამ მეტი გონიერება გვჭირდება. მოკლედ, გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრებს. ერთი ციდა სახელმწიფო ვართ. ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა...

მრავალ ბედნიერ ახლა წელს და შობას გისურვებთ. ჯანმრთელები იყავით, კეთილები და გამგებები. გვესმოდეს ერთმანეთის - ამას ყველას ვუსურვებ და ჩემს თავსაც.