Nickelodeon-ის ყოფილი ვარსკვლავის, ტეილორ ჩეისის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
36 წლის მსახიობი 2004-დან 2007 წლამდე საბავშვო არხ Nickelodeon-ის ვარსკვლავი იყო და აშშ-ში ყველა იცნობდა. ის მთავარ როლს ასრულებდა საბავშვო სერიალში “Ned’s Declassified School Survival Guide”. მისი გმირი მარტინ კუერლი იყო, რომელიც სკოლაში სხვადასხვა თავგადასავლებს უმკლავდებოდა და სახალისო თავშესაქცევებითაც ართობდა მაყურებელს.

ახლახან ინტერნეტში გავრცელდა კალიფორნიის შტატის ქალაქ რივერსაიდში გადაღებული ვიდეო, რომელშიც გულშემატკივრებს ტეილორ ჩეისის ცნობა გაუჭირდათ. ვიდეოს ავტორმა ჩეისს ჰკითხა, იყო თუ არა ის Disney Channel-ის ცნობილი მსახიობი.
საპასუხოდ, მამაკაცმა დაუდასტურა, რომ სწორედ ის არის Nickelodeon-ის ვარსკვლავი, რომელსაც ერთ დროს ბევრისთვის საოცნებო კარიერა ჰქონდა.

"გული მეტკინა"; "ამან ძალიან დამამწუხრა"; "ჰოლივუდის ინდუსტრია ავადაა“ - ვკითხულობთ კომენტარებში.
საზოგადოების ნაწილი გულშემატკივარს ვიდეოს გავრცელებისთვის აკრიტიკებს.
"არ მესმის, ადამიანი ასეთ მდგომარეობაში რატომ უნდა გადაიღო..." - ამბობენ ისინი.


გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ყოფილი მსახიობის დასახმარებლად GoFundMe შეიქმნა. გვერდმა თითქმის 1 200 დოლარზე მეტი შეაგროვა, თუმცა, ის ჩეისის დედის მოთხოვნით დაიხურა:
"ტეილორს სამედიცინო დახმარება სჭირდება და არა ფული. მაგრამ ის უარს ამბობს ამაზე. ვაფასებ თქვენს ძალისხმევას, მაგრამ ფული მისთვის სასარგებლო არ იქნება. რამდენიმე ტელეფონი ვუყიდე, მაგრამ ყველა რამდენიმე დღეში დაკარგა“, - განაცხადა მან.