"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს, 19:30-საათზე, ჩამინიშნეს პროცესი. გირაოს ითხოვენ“, - წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.