ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეგრამ-არხები და გამოცემა SOVA ავრცელებენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც საქართველოს სასარგებლოდ "ჯაშუშობას“ გულისხმობს. საუბარია თითქოსდა ინფორმაციის შეგროვებასა და თბილისისთვის გადაცემაზე.
ცხინვალის დე ფაქტო შსს -ს განცხადებით, მეარაყიშვილი "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა რეგიონის უსაფრთხოებას“. ამჟამად ის დაკავებულია, მათი მტკიცებით, გამოძიება სხვა შესაძლო თანამონაწილეების გამოვლენას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს, თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ალან გაგლოევს მიმართა. ის პირადად შეხვედრას ითხოვდა, უარის შემთხვევაში კი 23 დეკემბრიდან შიმშილობის დაწყებას აანონსებდა.

აქტივისტი აპროტესტებდა:
ცხინვალში მოქმედი საზოგადოებრივი ჯგუფების აზრით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეარაყიშვილს პროტესტის გამო "დაასწრო“.
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა წინმსწრებად ემოქმედა. პროკურატურამ წინასწარ აღძრა საქმე, რათა თამარს მოედანზე გამოსვლა ვერ გაებედა,“ - წერენ ადგილობრივ სოციალურ ქსელებში.
თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის მკვიდრია. ის პირველად 2017 წელს დააკავეს და წლების განმავლობაში დევნიდნენ "ცილისწამებისა“ და "დოკუმენტების უკანონო ფლობის“ ბრალდებით. 2019 წელს ყველა სასამართლო ინსტანციამ ის უდანაშაულოდ ცნო, თუმცა რეალური დევნა მხოლოდ ალან გაგლოევის მოსვლის შემდეგ შენელდა.
2025 წლის 16 აგვისტოს 8 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ რეგიონში მას ე.წ. პასპორტი ჩამოართვეს და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ დრომდე არ უბრუნებენ.
ბოლო პერიოდში მეარაყიშვილი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე ბიზნესი (მეორადი ტანსაცმლის მაღაზია) წამოიწყო, თუმცა, როგორც თავად აცხადებდა, დე ფაქტო "საბაჟო“ მას ტვირთის შეტანაში ხელს უშლიდა.
იხილეთ ასევე: