დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია. ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ნებისმიერ ადმინისტრაციაში სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს. ელჩი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია და პრეზიდენტის უფლებაა, რომ ქვეყნებში ის პირები ჰყავდეს, რომლებიც „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგს ხელს შეუწყობენ“, - განუცხადა გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ში გაწვეულ ელჩებს არ გაათავისუფლებენ და მათ სხვა თანამდებობებზე დანიშნავენ.
როგორც The Guardian-ი წერს, აშშ-მა ყველაზე მეტი ელჩი აფრიკის კონტინენტიდან გაიწვია, კერძოდ, ნიგერიდან, უგანდიდან, სენეგალიდან, სომალიდან, კოტ-დ’ივუარიდან, მავრიკიიდან, ნიგერიიდან, გაბონიდან, კონგოდან, ბურუნდიდან, კამერუნიდან და რუანდიდან. ასევე, აშშ-მა ელჩები ეგვიპტიდან და ალჟირიდანაც გაიწვია.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ელჩებს ევროპიდანაც იწვევს, კერძოდ, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.