ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 650-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა -დაღუპულებს შორის არის 4 წლის ბავშვი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 650-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა -დაღუპულებს შორის არის 4 წლის ბავშვი

წუხანდლიდან რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმას ახორციელებს - ძირითადი სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული სექტორი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, გაშვებულია 650-ზე მეტი დრონი, რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა „შაჰედებია“, ასევე გამოყენებულია 30-ზე მეტი რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას კიევის ოლქში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, ჟიტომირში კი თავდასხმას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა. ზელენსკის თქმით, რუსებმა, საერთო ჯამში, 13 რეგიონი დაბომბეს.

„რუსეთის ეს დარტყმა რუსეთის პრიორიტეტების შესახებ უკიდურესად მკაფიო სიგნალს აგზავნის. თავდასხმა შობის წინ, როდესაც ადამიანებს უბრალოდ სურთ თავიანთ ოჯახებთან, სახლში და უსაფრთხოდ ყოფნა. თავდასხმა, რომელიც არსებითად განხორციელდა მოლაპარაკებების შუაგულში, რომლის მიზანი ამ ომის დასრულებაა. პუტინს ჯერ კიდევ არ შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ უნდა შეწყვიტოს მკვლელობები. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო საკმარის ზეწოლას არ ახდენს რუსეთზე. ახლა პასუხის დროა. რუსეთი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ უნდა იყოს მიმართული“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა, იარაღის შესყიდვის დაფინანსება და ენერგეტიკული აღჭურვილობის მიწოდება ის პროცესებია, რომელიც შაბათ-კვირასაც არ ჩერდება.