თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
საქმე ეხებოდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს.
„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებს პროკურატურა.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.