ავტორი:

"არ შემიძლია ძაძებით შემოსილ დედას, რომელიც ჩემს უდანაშაულო შვილს მკვლელს უწოდებს არ მივუსამძიმრო..." - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის დედა

"არ შემიძლია ძაძებით შემოსილ დედას, რომელიც ჩემს უდანაშაულო შვილს მკვლელს უწოდებს არ მივუსამძიმრო..." - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის დედა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოკლული მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს. სოფო ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მოუწოდებს პროკურატურას სწორი გამოძიება ჩაატაროს.

"ძალიან მიმძიმს ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა რომ არ დამეწერა არ შემეძლო, არ შემიძლია ძაძებით შემოსილ დედას, რომელიც ჩემს უდანაშაულო შვილს დღეს მკვლელს უწოდებს არ მივუსამძიმრო, მის თავს დატრიალებული ტრაგედია და პირველ რიგში ადამიანური მწუხარება კიდევ ერთხელ არ გამოვხატავო შვილმკვდარი დედის მიმართ! ვიზიარებ მისი, როგორც დედის უსაზღვრო ტკივილს, საშინელებაა დატრიალებული, საქართველოს არ ჰყავს არცერთი შვილი დასაკარგი!!!!!

თუმცა ხალხო, ყველამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შვილიც, ჩვენმა ოჯახმა ხატზე დააფიცა, რომ დემეტრე ჩიქოვანი უდანაშაულოა მომხდარ ამბავში! საქართველოს პროკურატურავ ასე არ გამოგივა უდანაშაულო ბავშვის ციხეში გამომწყვდევა, დაზარალებულის დასაშოშმინებლად უდანაშაულოს გაწირვა!!!! არ გავაჩერდები და ვერ გამაჩერებთ!!!!!!! გაფრთხილებთ ჩაატარეთ სწორი გამოძიება, დაადგინეთ სიმართლე, ნუ გადამადგმევინებთ უკიდურეს ნაბიჯებს!!!!!

მე სამი შვილის დედა უფლის წინაშე ვეუბნები ყველაზე გამწარებულ დედას, რომლის ტკივილიც აუწონავია, თუ ჩემს შვილს იოტისოდენა წვლილი მიუძღვის გიგა ავალიანის სიკვდილში, გიგა ავალიანის ხვედრი გაეზიარებინოს არა მხოლოდ დემეტრეს არამედ ჩემს სამივე შვილს და ჩამეცვას ძაძები! ხოლო ვინც ჩემს გულში იხედებით ახლა და სიმართლეს ხედავთ, გაზიარეთ, ვერავინ ვერ გამაჩერებს!!!!" - წერს დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს.

მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

წაიკითხეთ ასევე: