აშშ-მა ყოფილ ევროკომისარს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ.
„აღნიშნულმა რადიკალმა აქტივისტებმა და იარაღად ქცეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხო ქვეყნების მიერ ცენზურის გამოყენებას ხელი შეუწყვეს - თითოეულ შემთვევაში მათი სამიზნე ამერიკული კომპანიები იყო“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა განაცხადა, რომ ფრანგი ბიზნესმენი, ტიერი ბრეტონი, რომელიც შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას 2019-2024 წლებში იკავებდა, „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) მთავარი ინიციატორია.
ბრეტონის გარდა აშშ-ში შესვლა აეკრძალათ: ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს იმრან აჰმედს, გერმანული ორგანიზაცია HateAid-ის ხელმძღვანელებს ჯოზეფინ ბალონსა და ანა-ლენა ფონ ჰოდენბერგს, ასევე, გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის (GDI) თანადამფუძნებელს კლერ მელფორდს.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და „ციფრული სერვისების აქტის“ ფარგლებში 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა.