UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრების ირგვლივ სკანდალი არ ცხრება. ყურადღების ცენტრში ისევ მისი ყოფილი მეუღლე, ინფლუენსერი ჯორჯინა უზტუგაიტი ბადელია, რომელმაც, როგორც ირკვევა, დახმარებისთვის ესპანეთის ეროვნულ პოლიციას მიმართა.
როგორც ესპანური გამოცემა ABC იუწყება, 22 დეკემბერს ჯორჯინა მადრიდის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. მისი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ის გახდა მასშტაბური კიბერბულინგისა და მუქარის მსხვერპლი.
ინფლუენსერმა სამართალდამცავებს წარუდგინა უამრავი მტკიცებულება - შეტყობინებები და კომენტარები, რომლებიც მის მიმართ აგრესიასა და მუქარას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯორჯინამ თავისი ადვოკატის მეშვეობით პირველი საჯარო განმარტება გააკეთა.

ყველაფერი ილია თოფურიას სკანდალური პოსტით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ "მატადორმა" საჯაროდ განაცხადა, რომ მას აშანტაჟებდნენ და ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებით ემუქრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილიას ჯორჯინას სახელი არ უხსენებია, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აგრესია სწორედ მისკენ მიმართეს. ჯორჯინას მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას იმ დროს, როდესაც სასამართლოში ბავშვის მეურვეობისა და სხვა პირადი საკითხების განხილვა მიმდინარეობს.
პოლიცია და სამოქალაქო გვარდია საქმეში ერთვებიან, ვინაიდან ჯორჯინა უზტუგაიტი იმ რაიონში ცხოვრობს, რომელიც სამოქალაქო გვარდიის (Guardia Civil) იურისდიქციაში შედის, პოლიციამ საქმის მასალები უკვე გადაუგზავნა შესაბამის უწყებას.
ილია თოფურია: ჩივის გამოძალვაზე, ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებსა და პირადი ნივთების ქურდობაზე.
ჯორჯინა უზტუგაიტი: ჩივის სისტემატურ კიბერბულინგზე, მუქარასა და ცილისწამებაზე.
ამ პირადი დრამის ფონზე, ილია თოფურიამ ოქტაგონიდან დროებით გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნა, რომ ახლა მისი მთავარი პრიორიტეტი შვილების (ჰუგოსა და პატარა ჯორჯინას) სიმშვიდე და ამ რთული სიტუაციის სამართლებრივად მოგვარებაა....
შეგახსენებთ, რომ წყვილი 2024 წლის ზაფხულში ქალიშვილის მშობლები გახდნენ, თუმცა სულ რაღაც 4 თვეში მათი ურთიერთობა სრულ კოლაფსამდე მივიდა.
წაიკითხეთ ასევე: