ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი წარადგინა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას "ჩარჩო დოკუმენტი" უწოდა.
"ახლა მზად ვარ განვიხილო 20-პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი. ეს პოლიტიკური დოკუმენტია ჩვენს, ამერიკას, ევროპასა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, შეთანხმებაში შემდეგი პუნქტები შედის: უკრაინის სუვერენიტეტის კვლავ დადასტურება. შეთანხმების ყველა ხელმომწერი ამას თავისი ხელმოწერით დაადასტურებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის თავდაუსხმელობის სრული და უპირობო შეთანხმება. ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად კონტაქტის ხაზზე მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება.
უკრაინა უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს მიიღებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში 800 000 სამხედრო იქნება. აშშ, ნატო და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.
რუსეთი ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონში დაამტკიცებს და რატიფიცირებას მოახდენს.
უკრაინა კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში ევროკავშირის წევრი გახდება.
უკრაინა გლობალური განვითარების ძლიერ პაკეტს მიიღებს, რომელიც ინვესტიციებს განსაზღვრავს.
უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და რეგიონების რეკონსტრუქციისთვის რამდენიმე ფონდი შეიქმნება. მიზანი 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა იქნება.
უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს დააჩქარებს.
უკრაინა დაადასტურებს, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ის არაბირთვულ სახელმწიფოდ დარჩება.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას სამი ქვეყანა, უკრაინა, აშშ და რუსეთი ერთობლივად უზრუნველყოფს, თუმცა დეტალები კვლავ განიხილება.
ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ სკოლებსა და საზოგადოებაში პროგრამებს განახორციელებენ, რომლებიც კულტურულ გაგებასა და ტოლერანტობას ხელს შეუწყობს და ასევე რასიზმს აღმოფხვრის. უკრაინა რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ ევროკავშირის წესებს შეასრულებს.
ტერიტორიების შესახებ პუნქტები შეთანხმებული არ არის. თუმცა, გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტია: პირველი - „იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ“. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ამ შეთანხმების თარიღის მიხედვით, ჯარების განლაგების ადგილი დე-ფაქტო კონტაქტის ხაზად იქნება აღიარებული, რომელსაც საერთაშორისო ძალები გააკონტროლებენ. მეორე - დონბასის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც ამ ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. უკრაინა ჯარების გაყვანას ეწინააღმდეგება. ეს ვარიანტი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ტერიტორიული საკითხი შეიძლება, საბოლოოდ ლიდერების დონეზე გადაწყდეს.
რუსეთის ფედერაცია და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში ტერიტორიულ მოწყობას ძალის გამოყენებით არ შეცვლიან.
რუსეთი უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ხელს არ შეუშლის.
ჰუმანიტარული კომიტეტი შეიქმნება, რაც ტყვეების, პოლიტპატიმრებისა და ბავშვების დაბრუნებას ითვალისწინებს.
უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე ვადაში არჩევნები უნდა ჩაატაროს.
ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება და მის შესრულებას „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.
როგორც კი შეთანხმებაზე თანხმობას ყველა მხარე გამოაცხადებს, სრული ცეცხლის შეწყვეტა მაშინვე ამოქმედდება.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ამ პროექტთან დაკავშირებით რუსული მხარისგან პასუხს ელის.