სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპორტსმენის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.