შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია იმ 3 საათს იხსენებს, რა დროსაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ქალის კომენტარს "რუსთავი 2" აქვეყნებს.
ნელი კაღაშვილი ჰყვება, რომ შვილიშვილმა ის ღუმელთან დასვა, ყელზე დანა მიადო და უთხრა, რომ არ განძრეულიყო. შეშინებული ქალი შვილიშვილის მოთხოვნებს დაემორჩილა.
3 საათის განმავლობაში, ბებიამ არ იცოდა, რატომ უკრძალავდა შვილიშვილი გადაადგილებას და რატომ ემუქრებოდა დანით. მძევლად აყვანის მიზეზი 76 წლის ქალმა სამართალდამცველების მისვლამდე რამდენადმე წუთით ადრე გაიგო. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილს ერთადერთი ულტიმატუმი ჰქონდა - ითხოვდა მისი ყოფილი მეუღლის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიას მოკლავდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია - 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და თავისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ნ.კ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" , - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. .