აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აღმოჩენილია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მსჯავრდებული პედოფილის, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან, რის გამოც დოკუმენტების სრული გამოქვეყნება კვირებით გადაიდო.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ნიუ-იორკში, აშშ-ის პროკურატურამ აღმოაჩინეს.
"ადვოკატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა განიხილონ და შეიტანონ კანონით გათვალისწინებული რედაქტირება მსხვერპლთა დასაცავად და დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა და დასძინა, რომ "მასალის დიდი მოცულობის გამო, ამ პროცესს შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს“.
იუსტიციის დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ იქნა მოპოვებული ეპშტეინის საქმეში არსებული ახალი მასალები ან რას შეიცავს ისინი.
ეპშტეინის საქმე, რომელიც ციხეში გარდაიცვალა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ სკანდალად იქცა.
დონალდ ტრამპი ეპშტეინთან ერთად მრავალ ფოტოზე ჩანს. ეპშტეინს მეგობრული კავშირები ჰქონდა მრავალ გავლენიან ადამიანთან და პოლიტიკოსთან, მათ შორის თავად ტრამპთან, ასევე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან და ბევრ სხვასთან.
სკანდალურ ფინანსისტთან კავშირისა და მის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ახლა უკვე ყოფილ პრინც ენდრიუს (ამჟამად ცნობილი როგორც მაუნტბატენ-უინძორი) სამეფო ტიტული ჩამოერთვა.
დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ეპშტეინის დოკუმენტების არქივის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავდა არაერთი ცნობილი ადამიანის ფოტოებს, მათ შორის კლინტონის, მაუნტბატენ-უინძორის და მუსიკოსების მიკ ჯაგერისა და მაიკლ ჯექსონის გამოსახულებებს. თუმცა, მიუხედავად საერთო ფოტოებისა, ბევრმა უარყო რაიმე სახის დანაშაულებრივი კავშირი ეპშტეინთან.
2019 წელს FBI-ის აგენტებმა “ეპშტეინის საქმეში“ 10 შესაძლო თანამონაწილე ახსენეს, რომელთაგან ზოგიერთს გამოძიებასთან თანამშრომლობის თხოვნა გაეგზავნა.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა მილიონზე მეტი დოკუმენტის შესახებ განაცხადა, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა რობერტ გარსიამ, თეთრი სახლი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მასალების უკანონოდ დამალვაში დაადანაშაულა.
„ყოველდღე ვხედავთ ტყუილს, არაკომპეტენტურობას, ვადების დარღვევას და უკანონო რედაქტირებას“, - თქვა გარსიამ განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული და ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონი ხელისუფლებას კრძალავს ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტებიდან სახელებისა და ინფორმაციის ამოღებას მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს „რეპუტაციას“ შელახავს.
ეპშტეინის საქმიდან ცნობილი დოკუმენტების მხოლოდ პირველი პარტია გამოქვეყნდა დეკემბერში და ხელისუფლებას კიდევ ასობით ათასი ფაილი აქვს გამოსაქვეყნებელი.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ გასულ თვეში მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.
იხილეთ ასევე: