ავტორი:

"სუპერ გმირებს რომ უყურებ ფილმებში, მამა ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო... რეალური ადამიანიც გავიცანი - 25 წლის ბიჭს უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა აღებული" - გია ყარყარაშვილის ქალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

"სუპერ გმირებს რომ უყურებ ფილმებში, მამა ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო... რეალური ადამიანიც გავიცანი - 25 წლის ბიჭს უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა აღებული" - გია ყარყარაშვილის ქალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

მარიამი ეროვნული გვარდიის და აფხაზეთის ჯარების ყოფილი სარდლის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილი ერთადერთი შვილია. მას საზოგადოება მასობრივად არ იცნობს, რადგან საჯაროდ არასდროს გამოჩენილა.

მარიამი მამას წიგნზე - "სამშობლოს ამარა“ მუშაობისას გვერდით აქტიურად დაუდგა. მასთან ერთად გაიარა მამის მიერ გავლილი ურთულესი გზა და როგორც ამბობს, შესაბამისად სულ სხვა გია ყარყარაშვილი გაიცნო...

ის ახლა ambebi.ge-ს სტუმარია. გთავაზობთ მარიამ ყარყარაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს.

- მარიამ, როგორ გაგვეცნობით?

- 31 წლის ვარ, საბანკო სფეროში ვმუშაობ, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ჩამოვედი, აქამდე 15 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. იქ დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტი და მუშაობაც იქვე დავიწყე. მამას წიგნზე მანამდე დისტანციურად ვმუშაობდი. მერე წიგნის გამო, 4 წლის წინ, აქ ხშირი ჩამოსვლა დავიწყე და შემოვრჩი. ამიტომ, ბოლო 6 თვეა, აქ მუშაობა დავიწყე და დავფუძნდი. ჩემი მეუღლე ფრანგია და ახლა საქართველოში ერთად ვცხოვრობთ.

- ბევრმა ალბათ არც იცის, რომ გენერალ-მაიორის გია ყარაშვილის შვილი ხართ. მასობრივად რატომ არ გიცნობენ?

- მიზეზი ალბათ მაინც ის არის, რომ ამდენი წელი საქართველოში არ ვიყავი, მეორე ისაა, რომ გიაც ბოლო წლებია, ვიდრე წიგნი გამოვიდოდა, ერიდებოდა მედიაში გამოჩენას. 2010-2011 წლებში რომ მიიღო გადაწყვეტილება, მასობრივად აღარ გამოჩენილიყო, იმ გადაწყვეტილებას მიჰყვებოდა. შესაბამისად, მეც ამის გამო ნაკლებად ვჩანდი. თან თავის წინ წამოწევაც დიდად არ მიყვარს. ფართო საზოგადოება არა, თუმცა გიას წრეში კარგად მიცნობენ.

- როგორია მათი ემოციები, ვინც იგებს, რომ გია ყარყარაშვილის შვილი ხართ?

- არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცას უარყოფითად შეეფასებინა ის, რომ მე გიას შვილი ვარ. პირიქით, სულ თავის დახრა მიწევდა და მიწევს, როდესაც იგებენ, რომ გიას შვილი ვარ, ისეთ პატივისცემას გამოხატავენ, რომ მერიდება...

მასზე ყოველთვის ისტორიებს მიყვებოდნენ. ასე ხდებოდა და ხდება ყველგან - თბილისშიც და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ყველგან თბილ დახვედრას გვიწყობდნენ, პატივისცემას ვგრძნობდი, არ მქონია ისეთი შემთხვევა, რაიმე უარყოფითი მომესმინა. სამაგიეროდ, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებულია სოციალური მედია. იქ პოსტებზე ზოგჯერ ისეთი რაღაცები მხვდება, რაც რეალურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არც მსმენია და არც გამიგია... ადრეულ წლებში იყო ასეთიც, რომ გაიგებდნენ, გიას შვილი ვიყავი, ეგონათ, ამას რამეში გამოვიყენებდი. ეს უფრო ადრე ხდებოდა, როცა გია პოლიტიკური ფიგურა იყო, - რაღაცნაირად გონებაში ჩამრჩა. ჩემ შემთხვევაში არასდროს ყოფილა ისე, გიას სახელი ან გამომეყენებინა, ან სადმე მეტრაბახა და ამის აფიშირება მომეხდინა. ეს რომ არასდროს ყოფილა, ჩემ გარშემო ყველამ იცის. ასეთი მიდგომა მაღიზიანებდა...

- გენერალ-მაიორი საქართველოში ბევრი არ არის. არც ბევრს ჰყავს გენერალი მამა. რას ნიშნავს გენერლის შვილობა?

- უდიდეს პასუხისმგებლობას. როგორც კი სახელს და გვარს იტყვი საქართველოს მასშტაბით, ეს უკვე რაღაცებს გავალდებულებს. ასეა არა მარტო ჩემთვის, ჩვენს ოჯახში - ჩემი ბიძაშვილების, დეიდაშვილების შემთხვევაშიც. იტყვი თუ არა, რომ ხარ გია ყარყარაშვილის შვილი, ძმისშვილი, უკვე სხვანაირად უნდა მოიქცე. დიდი გვარია - ყველანი მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან და სულ მაგას ამბობენ, რომ ეს ყველასთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან გიას ფიგურა სხვანაირად არის შეფასებული. არ შეიძლება ამაზე ხაზის არ გასმა.

- მამის მიერ განვლილი გზა რას იწვევს თქვენში და პირადად როგორ აფასებთ?

- მის განვლილ გზაზე რომ ვლაპარაკობთ, აქ ორი სხვადასხვა ადამიანია. გია - მეომარი, ანუ დაჭრამდე ვინც იყო და გია - დაჭრის შემდეგ... დაჭრამდე მას არ ვიცნობდი, რადგან დაბადებული არ ვიყავი. 1994 წლის მაისში დავიბადე, 1995 წელს კი დაიჭრა. მასზე თუ რამე ვიცოდი, მხოლოდ მოყოლილი ისტორიებით. ამ მოყოლილ ისტორიებში სუპერ გმირებს რომ უყურებ ფილმებში, ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო... 2000-იან წლების დასაწყისში, 7-8 წლის ასაკში მართლა არარეალურ ისტორიებს ვისმენდი და ბევრ რაღაცას ვერ ვიაზრებდი, თუნდაც ომის მასშტაბებს. ამიტომ ჩემს თვალში და წარმოდგენაში გია რაღაც სუპერ ჰიროს დონეზე იყო, მაგრამ წიგნზე მუშაობისას, ამ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი რამ სხვანაირად დავინახე. ამიტომაც იყო ეს წიგნი ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმ სუპერ ჰიროშო, რომელსაც მანამდე შორიდან ვიცნობდი, რეალურად მეომარი გია ყარყარაშვილი აღმოვაჩინე და გავიცანი. თვითონ კი წერდა ამას 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ერთად ორ წელიწად ნახევარი აქტიურად ვიმუშავეთ. ეს მუშაობის პროცესი დღეში 4-5 საათი საუბარი იყო. ბოლოს და ბოლოს, როგორც ვთქვი, სუპერ ჰიროს მიღმა რეალური ადამიანი გავიცანი.

ამ რეალურ ადამიანს, 25 წლის ბიჭს საქართველოს მასშტაბით დიდი სამხედრო ცოდნა და მის ასაკში საკუთარ თავზე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა. რაღაცებს საოცარი შემართებით და მეომრის ჟინით აკეთებდა, მაგრამ ბევრ რამ არ იცოდა, ვერც აღიქვამდა, ძირითადად ემოციურად მოქმედებდა და არა დიდი დიპლომატიური ცოდნით. ლოგიკურია, 25 წლისას ეს ყველაფერი ვერ ექნებოდა. ბევრ რაღაცაში გამოუცდელს უზარმაზარი პასუხისმგებლობებით ლიდერის ნიჭიც ჰქონდა. ადგა და წინ წავიდა, თავის თავზე აიღო... ეს ჩემში უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს.

მეორე გია, რომელსაც დაჭრის შემდეგ ვიცნობდი, სულის სიმტკიცის საოცარ მაგალითს იძლევა. არ მახსოვს, ოდესმე ეთქვას, რომ ცუდად ვარ, მიჭირს. ამიტომ, ვერც აღვიქვამდი, რომ ცუდად შეიძლებოდა ყოფილიყო. წლები დამჭირდა, გამეგო, გამეაზრებინა ეს, იმდენად შემართებით იყო.

- როდესაც ეტლში მყოფ მამას უყურებდით, როგორი იყო თქვენი ემოციები?

- გიას ეტლში ყოფნა ფიზიკური მდგომარეობა იყო, რეალურად ინფორმაცია გააზრებული არ მქონდა, რის აღსაქმელადაც, როგორც ვთქვი, წლები დამჭირდა. მისი ეტლში ჯდომა მხოლოდ მაშინ დავინახე, როდესაც ხანგრძლივად მკურნალობდა, რაც ჩემთვის მოცემულობა იყო. ასე ვხედავდი და ეს მძიმედ არ აღმიქვამს, რაც ალბათ ასაკიდან გამომდინარე იყო. ისიც სათქმელია, რომ ყველას არ აქვს ის ფუფუნება, რაც გიას ჰქონდა. მის გარშემო სულ ბევრი ადამიანი ტრიალებდა, ძირითადად მისი ბიჭები, მეომრები... ისინი უკეთებდნენ ყველაფერს, რაც სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, რამხელა მოვლა სჭირდება ადამიანს მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ მარტო არ დაუტოვებიათ. ამიტომ ჩემამდე არასდროს მოსულა ის ყველაფერი, როგორც პრობლემა. ბიჭები, მეომრები, სულ იყვნენ და დიდ საქმეს აკეთებდნენ. მათ მეც ბიჭებს ვეძახი. ჩვენთან იყო "ბიჭების ოთახი,“ სადაც ისინი იკრიბებოდნენ. საოცარი მეგობრობა გამოჰყვათ - უმტკიცესი, რაც დღემდე გრძელდება.

- როგორი ურთიერთობაა მამა-შვილს შორის, მეგობრობთ?

- ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩვენ შორის. ორივეს გვაქვს ეს სამხედრო ყალიბი, ვხუმრობ ხოლმე, რომ სამხედრო რეჟიმში ვარ გაზრდილი-მეთქი. რეალურად მეც იგივე მიდგომები მაქვს გიას მიმართ, როგორც მას. ამას მამა-შვილის კლასიკურ ურთიერთობას ვერ დავარქმევ, ეს მეგობრობაა. მის სამეგობროსთანაც ასეთივე ურთიერთობა მაქვს.

- წიგნზე მუშაობისას არ გითქვამთ მისთვის, - ნეტავ, ასე არ მოქცეულიყავი ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში-თქო?

- კი, მთელი ორი წელი ამაში გავიდა. ფურცელზე ალბათ ყველანაირი სცენარი გვაქვს სხვადასხვა საკითხზე გავლილი - თუნდაც აფხაზეთში შესვლაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, რა იქნებოდა? საბოლოოდ წიგნზე მუშაობისას გავიგე, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. სრული სურათის აღქმა ურთულესია. 30 წლის გადმოსახედიდან იმის თქმა, რომ ეს ასე უნდა გაგეკეთებინა, არასწორია...

- როგორ გრძნობს თავს ახლა ბატონი გია, როგორია მისი ცხოვრების სტილი?

- როგორც ყოველთვის - კარგად, ვერასდროს გაიგებ, როდის არის ცუდად და როდის - კარგად, მაშინაც კი, როცა ცუდად არის. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, თავისთავად ნელია. ვემზადებით იმისთვის, რომ მეორე წიგნზე აქტიურად ვიმუშაოთ. 2026 წელს ამას ნამდვილად შევძლებთ.

სამხედრო რეჟიმს რომ ვამბობ, ამ რეჟიმისთვის მიუღებელია რაღაცების არ გაკეთება - რადგან ვთვლით, რომ უნდა გავაკეთოთ, ვაკეთებთ... სულ ვეუბნები, მესმის რომ ძნელია, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ. მინდა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ ის, როგორც მე გავიცანი, ისე წაიკითხონ ის ისტორია, როგორც მე. დრო მიდის, 30 წელი გავიდა. თან ამ ყველაფერზე ბევრი არაფერი დაწერილა. ამიტომ სურვილი მაქვს, უნივერსიტეტებში გია ახალგაზრდებს შევახვედრო. თან ჭეშმარიტება ხომ მართლაც დისკუსიასა და კამათში იბადება? დისკუსია უნდა გაჩნდეს, მაგრამ ამ ყველაფრის ორგანიზება ხანდახან ჭირს.

- რა რჩევებს გაძლევთ?

- გია არ არის ადამიანი, რაიმე რჩევა მოგცეს და დაგარიგოს. ის იტყვის რაღაცას ისე, შორიდან რა უნდა გაკეთდეს და რა არის სწორი. მერე იმ ჩარჩოს შენ თვითონ უნდა მოერგო. პირდაპირი რჩევებით არ გამოირჩევა.

- გიკამათიათ?

- მხოლოდ წიგნზე მუშაობისას. ეს იყო სამუშაო პროცესი და ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო კამათი, რომელმაც მერე საშუალება მისცა, რაღაცები გახსნილად და თამამად მოეყოლა. გვიკამათია იმაზე, მაგალითად, სადღაც რომ არ წასულიყვნენ და ხომ არ ჯობდა, თავი შეენახათ? მაგრამ თავგანწირული ბრძოლა იყო და ისინი მაინც მიდიოდნენ... კი, ამ საკითხების განხილვა და მათზე კამათი ყოფილა. განხილვა ჩემი პოზიცია იყო, მაგრამ 30 წლის წინანდელი სიტუაციის აქედან განსჯა, ვიმეორებ, ძნელია. მაგრამ იმ სიმამაცეს, რაც მაშინ გამოიჩინეს, უდიდესი ფასი აქვს. ოთარ ჭილაძემ გიაზე თქვა - "გია მეოცე საუკუნის უკანასკნელი ჯარისკაცია“... ამ ნათქვამსაც უდიდესი ძალა აქვს. თუ რატომ უკანასკნელი ჯარისკაცი? იმიტომ, რომ ყველასგან შედიოდნენ, თავს სწირავდნენ...

- საკუთარ თავში მამის რა თვისებებით იჭერთ?

- ძალიან ხშირად ვიჭერ ჩემს თავში მის გამოხედვას. ვიდრე რაიმეს იტყვის, თავისებური გამოხედვა აქვს, მეც ხშირად ასე ვარ... თვითონ ამბობს ხოლმე ჩემზე, - ეს როგორ შემომხედაო? - მაგ დროს ჩემში თავის თავს ხედავს... მოკლედ და მკაცრად იცის თქმა, მეტ განხილვას რომ აღარ ექვემდებარება და მეც ასე ვარ.

- დედაზე რას გვეტყვით?

- დედა ცნობილი ადამიანი არ არის, ისეთი, მედიაში რომ ჩანდეს. თათა (თამარ) ართმელაძე დამოუკიდებელი ადამიანია, მუშაობს, თავისი ტურისტული კომპანია აქვს. საერთოდ, სამივე დამოუკიდებლები ვართ, ვმეგობრობთ. გია და დედაც ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, მეგობრობენ... მათ ერთად თითქმის არ უცხოვრიათ. მე რომ გავჩნდი, როგორც ვთქვი, რამდენიმე თვეში გია დაიჭრა... დედა ცოლად 1992 წელს მოიყვანა. ისეთი დრო იყო, სახლში არასდროს იყო. მერე ომი დაიწყო, დაჭრის შემდეგ კი უკვე ხანგრძლივად გერმანიაში მკურნალობდა.

- ასე რომ, გია ყარყარაშვილის ერთადერთი შვილი ხართ...

- კი, ასეა. გიას ერთი შვილი მარიამი ჩემი სახით კი ჰყავს, მაგრამ მეგობრების შვილებთან ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეგობრობს. ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორც ჩემთან. ვეტერანების ოჯახებს ყურადღებას აქცევს. ეს ურთიერთობები და ურთიერთდახმარება უნდა გაგრძელდეს და უნდა არსებობდეს. ადამიანები, რომლებიც 30 წლის წინ ასე ერთად იყვნენ, ამ კავშირების გაწვეტა არ შეიძლება და ამაზე ვფიქრობთ, ამ ყველაფერს რა ფორმა მიეცეს...

- რას უსურვებთ მამას და საკუთარ თავს?

- გეგემები უნდა მივიყვანოთ სისრულეში. ეს წიგნი უნდა მივიდეს ახალგაზრდა მკითხველთან. დღეს, როცა ასე გაყოფილია საზოგადოება, პრინციპში როდის არ იყო, უბრალოდ, ახლა უფრო ჩანს ეს ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ახლა უნდა გაეცნონ ახალგაზრდები ამ უახლოეს ისტორიას. კი, ნამდვილად მინდა, 2026 წელს ეს წიგნი ბევრმა ახალგაზრდამ წაიკითხოს, რომ გაჩნდეს თემა კამათისა და მსჯელობისთვის.

- დაბოლოს მამა - გია ყარყარაშვილი თქვენთვის რისი მაგალითია?

- სულის სიმტკიცის, - ესაა მნიშვნელოვანი. გია არის მაგალითი იმის, რომ არ შეიძლება დანებდე, დაიწუწუნო, გატყდე. თავად თავმდაბალი ადამიანია, შექება არ უყვარს და ვცდილობ, ზედმეტად არ შევაქო. ეს მას არ უყვარს...