ავტორი:

როგორი ამინდი გველის წინასაახალწლო დღეებში და ახალი წლის ღამეს?

როგორი ამინდი გველის წინასაახალწლო დღეებში და ახალი წლის ღამეს?

ზამთრის სუსხი სულ უფრო მეტად იგრძნობა, მოსახლეობა კი ინტერესით ელოდება პასუხს კითხვაზე - შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლთან ერთად. წინასადღესასწაულო დღეები ყოველთვის განსაკუთრებულ მოლოდინებთანაა დაკავშირებული, ამინდის პროგნოზი კი ამ დროს გეგმების დაწყობისას ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია

Ambebi.ge დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს, რომელმაც 31 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის დეტალური მიმოხილვა გაგვიზიარა

- ხვალ დილიდან, 26 დეკემბრიდან, საქართველოში ველოდებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. 26 და 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი: დაბლობში - წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა ძლიერადაც მოთოვოს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით; ბარში შესაძლოა აღინიშნოს თოვლჭყაპი, ზოგან წვიმა და ზოგან თოვლი. აი, ასეთი ამინდია მოსალოდნელი.

- ნალექი მთელი ეს დღეები გაგრძელდება?

- 28 დეკემბერს დღისით ამინდი ცოტა დაწყნარდება, თუმცა შემდგომში კვლავ განახლდება. 31 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

- ყინვას თუ უნდა ველოდოთ?

- მთასა და მაღალ მთაში, რა თქმა უნდა, იქნება ყინვები. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჯერჯერობით ყინვას არ ვვარაუდობთ, თუმცა 28 დეკემბრიდან იქაც შესაძლებელია ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია უარყოფითი ტემპერატურა. თბილისს რაც შეეხება, ღამის ტემპერატურა 0, +1 გრადუსის ფარგლებში იქნება, ამიტომ აქ უფრო თოვლჭყაპს ვვარაუდობთ, ვიდრე თოვლს. ასეთი ამინდი შენარჩუნდება 31 დეკემბრის ჩათვლით.

- წინა საახალწლოდ კიდევ უფრო აცივდება?

- დიახ, 29 დეკემბრიდან კიდევ უფრო აცივდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამ პერიოდიდან თოვლი უფრო მეტად არის მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში თოვლის ალბათობა ნაკლებია, იქ უფრო თოვლჭყაპია მოსალოდნელი 29 დეკემბრიდან.