ავტორი:

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე - გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე - გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

"2008 წლის აპრილში, სოჭში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის თანდასწრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ", - ამის შესახებ აღნიშნულია ახლახან გასაჯაროებულ დოკუმენტში "საუბრის მემორანდუმი - შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან“.

  • შეხვედრა პუტინის რეზიდენციაში, სოჭში, გაიმართა, მას როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მათ შორის აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი.

ამ შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების სწრაფვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი “ეთნიკური სახის პრობლემებია“, რომელსაც საქართველო “საუკუნეების განმავლობაში“ აწყდებოდა.

“საუბრის მემორანდუმი“ ლიდერების შეხვედრაზე განხილული საკითხების სტრუქტურირებულ აღწერას წარმოადგენს და საჯაროდ ხელმისაწვდომი 2025 წლის 23 დეკემბერს გახდა.

გამოქვეყნებული ტექსტი ამერიკული კვლევითი ცენტრის, "ეროვნული უსაფრთხოების არქივი“- ს (NSA) მიერ 2008 წლის 6 აპრილით არის დათარიღებული, ანუ აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე და ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან ორი დღის შემდეგ.

საუბრის ერთ ეპიზოდში ვლადიმირ პუტინი აკრიტიკებს ნატოს გაფართოების ინიციატივას და აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაცია აშშ -სა და რუსეთს შორის გრძელვადიანი კონფლიქტის შექმნის წინაპირობა იქნება, შემდეგ ამატებს, რომ უკრაინა “ბუნებრივად ჩამოყალიბებული ერს არ წარმოადგენს“ და მას ქვეყანას უწოდებს რომელიც “საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად შეიქმნა“.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოზე იწყებს საუბარს.

"რაც შეეხება საქართველოს, მათ ჰგონიათ, რომ ნატოს დახმარებით შეძლებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს სწორი გზაა?! სწორია ნატოს სამხედრო ქოლგის გაფართოება და სამხედრო ოპერაციების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?! იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ნატო ჩაერევა ამ კონფლიქტში? რა თქმა უნდა, არა.

ქართველი ხალხი იძულებული იქნება, შიდა პრობლემები სხვა საშუალებებით გადაჭრან. თუ აიძულებენ, ასე მოიქცევიან. იქ ეთნიკური პრობლემები საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, თუმცა თუ ისინი ხალხს ნატოთი შეაშინებენ, ეს არ იმუშავებს. მათ მაინც არ გამოუვათ. დაინახავთ, როგორ ჩამოვლენ მთებიდან ადამიანები და ყველა მიმართულებით დაიწყებენ სროლას.

რუსეთმა ეს ყველაფერი კარგად იცის. როცა ომი დაიწყო, ჩეჩნებმა შეწყვიტეს ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ და საბრძოლველად იქ წავიდნენ. ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ერთ-ერთი მათი ლიდერი ორი წლის წინ გავანადგურეთ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან. ჩვენ ისინი იქ არ გაგვიგზავნია, მაგრამ როცა ომი დაიწყო, ყველა იქ იყო...

საქართველო უნდა აიძულონ, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს. ნატოში გაწევრიანება მხოლოდ წააქეზებს მათ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ. რუსეთისთვის ყოველთვის არსებობს ახალი სამხედრო ბაზებისა და შეიარაღების სისტემების გამოჩენის საფრთხე ჩვენს საზღვრებთან ახლოს. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი არგუმენტია მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგ“, - ამბობს პუტინი.

  • რუსეთს პრეზიდენტის განცხადებას ჯორჯ ბუშის პასუხი მოსდევს “ერთ-ერთი რამ, რაც თქვენში მაოცებს, არის ის, რომ არ გერიდებათ ნატოსთვის ამის თქმა. შესანიშნავია. ხალხი ყურადღებით გისმენდათ და თქვენს პოზიციაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. ეს კარგი გამოსვლა იყო“

წყარო