ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია" - ირაკლი კობახიძე კახა გვანცელაძის საქმეზე

"მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია" - ირაკლი კობახიძე  კახა გვანცელაძის საქმეზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

  • "მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეიძლება, კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, მაგალითად, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, მაგრამ შეიძლება მე არ მცოდნოდა ამასთან დაკავშირებით. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერთეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერთეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. იგივე მიდგომით უნდა იმუშაოს ყველა სახელმწიფო უწყებამ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, კახა გვანცელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილი საქმეზე, ერთ-ერთ ეპიზოდში ფიგურირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.