ავტორი:

"კაპიტანი სანტა" და ნაძვის ხეების გემის ჩაძირვის იდუმალი ამბავი - ერთი საუკუნის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ადამიანებს "შობა მოპარა"

"კაპიტანი სანტა" და ნაძვის ხეების გემის ჩაძირვის იდუმალი ამბავი - ერთი საუკუნის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ადამიანებს "შობა მოპარა"

გრინჩი საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟია, თუმცა 1912 წელს შობა ადამიანებს მან კი არა ტრაგიკულმა შემთხვევამ ჩააშხამა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში, გერმანელი ემიგრანტი ჰერმან შიუნემანი სეზონურ საქმიანობას ეწეოდა. ყოველ შემოდგომაზე სატვირთო გემებით ის ჩიკაგოდან ჩრდილოეთისკენ, მიჩიგანის ტყიანი სანაპიროებისკენ მიემართებოდა, დაახლოებით 5 000 ნაძვის ხეს დატვირთავდა და შემდეგ კვლავ ჩიკაგოში ბრუნდებოდა, სადაც მათ პირდაპირ კლარკ-სტრიტის ხიდთან მდებარე ნავსადგომიდან ყიდდა.

  • ჰერმანი ხეებს შედარებით დაბალ ფასს ადებდა, ხოლო ტვირთის 10% იმ ოჯახებს ურიგებდა, ვისაც ნაძვის ხის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

1912 წლისთვის “კაპიტანი სანტა“ როგორც ხალხმა შიუნემანს შეარქვა, უკვე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა, თავისი ძლიერ მოძველებული, სამანძიანი გემით, როდესაც საბედისწერო შემთხვევა მოხდა.

ისედაც ძველი Rouse Simmons-ი მიჩიგანის ტბაზე სეზონის ბოლოს ცურვისთვის ფაქტობრივად გამოუსადეგარი იყო, მაგრამ ვალებში ჩავარდნილმა ჰერმანმა სახიფათო რეისის შესრულებაზე უარი ვერ თქვა.

“ისეთი გემი, როგორიც Simmons იყო, ტბაში საერთოდ არ უნდა გასულიყო", - წერს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი თეოდორ კარამანსკი თავის წიგნში.

  • 1912 წლის 22 ნოემბერს ძლიერ დატვირთული Rouse Simmons-ი თომპსონის ნავსადგურიდან (მიჩიგანში) მკვეთრად გაუარესებულ ამინდის პირობებში გავიდა. ჩრდილო-დასავლეთიდან ქარბუქი წამოვიდა, რომელმაც ყინულოვანი წვიმა და თოვლი მოიტანა. სველი თოვლი სახიფათო სიმძიმით დააწვა გემბანზე დაწყობილ ნაძვის ხეებს.

მეორე დღის ნაშუადღევს სანაპიროდან დაახლოებით ხუთი მილის დაშორებით, სატვირთო გემი სამაშველო სადგურის მეზღვაურმა შენიშნეს, გემი ნახევრად დაშვებულ დროშას აფრიალებდა, რაც საყოველთაო განგაშის ნიშანია, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა. დამკვირვებლებს ეგონათ, რომ გემი ქართან ერთად სამხრეთისკენ წავიდა და ნავსადგურში შევიდოდა.

მას შემდეგ Rouse Simmons-ი აღარავის უნახავს.

შემდეგ დღეებში ნაძვის ხეები სანაპიროზე გამოირიყა. ნამსხვრევები მიჩიგანიდან უისკონსინამდე პლაჟებზე აღმოჩნდა მიმოფანტული. დაზეთილ ტილოში გახვეული კაპიტან შიუნემანის საფულე კი 1924 წელს ამოიღეს სათევზაო ბადით.

თავად Rouse Simmons 1971 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, სანამ მყვინთავებმა მისი ნარჩენები ვისკონსინის ქალაქ ტუ-რივერსის მახლობლად არ აღმოაჩინეს.

  • საოცარია, მაგრამ გემის ტვირთის, ნაძვის ხეების ნაწილი, კვლავ გემბანზე ელაგა.

ჩიკაგომ ეს დანაკარგი მძიმედ განიცადა. შიუნემანის დასახვედრად ხალხი, როგორც წინა ათწლეულებში, კლარკ-სტრიტის ნავსადგურში შეიკრიბა და ნაცნობ სანახაობას ელოდა: გემის ანძას, რომლის თავზეც ნაძვის ხე იქნებოდა მიბმული.საათები გადიოდა. ნაპირთან შეკრებილი ხალხი თანდათან დაიშალა, ბოლოს მხოლოდ პატარა გოგონა და მისი მამა დარჩნენ. გადმოცემის მიხედვით, როდესაც მამამ რუთ ერიქსონის სალში წაყვანა სცადა, გოგონამ უთხრა: “მამა, ნაძვის ხის გარეშე შობა არ არსებობს.“

ჰერმან შიუნემანის დაღუპვასთან ერთად, ფაქტობრივად დასრულდა “ნაძვის ხეების გემების“ ეპოქაც. ხეების მატარებლით გადაზიდვა ბევრად იაფი ჯდებოდა და სწრაფად ხორციელდებოდა. ამიტომ “კაპიტანი სანტა“-ს მემკვიდრეებმაც სარკინიგზო გადაზიდვებს მიმართეს.

2000 წლიდან სანაპირო დაცვა ყოველწლიურად აღნიშნავს Rouse Simmons-ის ხსოვნის დღეს. პირველად ამ წელს, 6 დეკემბერს, აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდმა Mackinaw-მა ჩიკაგოს ნავსადგურში 1 200 ნაძვის ხე ჩაიტანა, რითაც ის ტრადიცია გააგრძელა, რომელსაც “კაპიტანმა სანტამ“ და მის ეკიპაჟმა ჩაუყარა საფუძველი.

წყარო