სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.
"მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.
ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე. ჰქონდა საშუალება ეპასუხა, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.