ავტორი:

რუსეთის უპილოტო ჯარებს სათავეში შესაძლოა ჩაუყენონ კაცი, მეტსახელით "იურა უნიტაზი" -  რას წერს მასზე მედია?

რუსეთის უპილოტო ჯარებს სათავეში შესაძლოა ჩაუყენონ კაცი, მეტსახელით "იურა უნიტაზი" -  რას წერს მასზე მედია?

ა.წ. ნოემბერში რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შექმნა შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა - უპილოტო სისტემების ჯარები, თუმცა მათი მეთაურის ვინაობა საჯაროდ ჯერ არ გამოცხადებულა. მიუხედავად ამისა, რუსი z-ბლოგერები და სამხედრო თემებზე მომუშავე წყაროები ამტკიცებენ, რომ ახალი სტრუქტურის მეთაურად დაინიშნა იური ვაგანოვი - ბიზნესმენი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალიდან, რომელსაც სამხედრო განათლება არ აქვს.

ამ ინფორმაციას რუსული სამსახურის BBC-ს წყაროებიც ადასტურებენ.

  • ვინ არის "იურა უნიტაზი"?

"Z-ბლოგერების თქმით, ვაგანოვი ფართო წრეებში ცნობილია მეტსახელით, "იურა უნიტაზი“, რადგან ომის დაწყებამდე სანტექნიკით ვაჭრობდა. ერთ-ერთ სტრიმში სამხედრო ექსპერტმა მაქსიმ კლიმოვმა მკვეთრად გააკრიტიკა მისი შესაძლო დანიშვნა და თქვა, რომ ადამიანი, რომელსაც სამხედრო განათლება არ აქვს, რუსეთის არმიისთვის FPV-დრონების მიწოდებაში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი გახდა.

იური ვაგანოვი 1982 წელს, მთიან ყარაბაღში, კერძოდ, ქ. სტეპანაკერტში დაიბადა. ომამდე იყო საშუალო დონის ბიზნესმენი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობდნენ, ასევე სოფლის მეურნეობითა და უძრავი ქონებით იყვნენ დაკავებულნი.

კორონავირუსის პანდემიის დროს იგი "სახალხო ფრონტის“ რეგიონული შტაბის წევრი იყო და მედიკოსებს დახმარებას უწევდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვაგანოვმა ღიად დაუჭირა მხარი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის აღიარებას“ და დაიწყო "ჰუმანიტარული ტვირთების“ გადაზიდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ომის განმავლობაში ვაგანოვი გახდა ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი FPV-დრონების, რომლებიც იწარმოება "სუდოპლატოვის ბატალიონის“ ბაზაზე. ეს, პრაქტიკულად, მონოპოლიურ მდგომარეობად იქცა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია თავად ომის მხარდამჭერთა ნაწილშიც კი.

2025 წლის ოქტომბერში რუსეთის პატრიარქმა კირილემ ვაგანოვი დააჯილდოვა დიმიტრი დონელის სახელობის ორდენით. ცერემონიაზე იგი უკვე წარდგენილი იყო როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი და ვიცე-პოლკოვნიკი.

თუ მისი დანიშვნა უპილოტო ჯარების მეთაურად ოფიციალურად დადასტურდება, ვაგანოვს ავტომატურად უნდა მიენიჭოს გენერლის წოდება.

BBC-მ ვაგანოვს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

  • ახალი ჯარები - ძველი კითხვები

2024 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა, ვლადიმირ პუტინის დავალებით, გასცა ბრძანება უპილოტო სისტემების ჯარების შექმნის თაობაზე. 2025 წლის ივნისში თავად პუტინმაც დაადასტურა, რომ ეს სტრუქტურა უკვე ფორმირების პროცესში იყო, ხოლო 12 ნოემბერს სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ფორმირება დასრულდა.

თუმცა, ოფიციალურად არ თქმულა:

ვინ ხელმძღვანელობს ამ ჯარებს; როგორია მათი სტრუქტურა; რა პრინციპით ხორციელდება დაკომპლექტება.

კრიტიკა სამხედრო წრეებიდან - რუსული სამხედრო და პრო-სამხედრო წრეების ნაწილი ღიად აცხადებს უკმაყოფილებას. მათი თქმით, ვაგანოვის ფიგურა უფრო კომერციულ ინტერესებთან ასოცირდება, ვიდრე სამხედრო სტრატეგიასთან.

ერთ-ერთი ანონიმური წყარო BBC-ს ეუბნება, რომ ეს ისტორია ფულისა და გავლენების შესახებაა და არა რეალური ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაზე.

“სამხედრო ბლოგერები და ინსტრუქტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ ვაგანოვის კავშირი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკოსთან მიუთითებს იმაზე, რომ საუბარია ბიზნეს-პროექტზე, და არა უპილოტო სისტემების განვითარების გრძელვადიან კონცეფციაზე.

წყარო