ავტორი:

"რაკი შინ ყვავილები აღარ ეტეოდა, გადავწყვიტე, ბინა გამეყიდა და წოდორეთში გადავსულიყავი. პატარა სახლს ვაშენებთ, ასევე ორანჟერეის აგებასაც ვაპირებ" - მებაღე პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია

"რაკი შინ ყვავილები აღარ ეტეოდა, გადავწყვიტე, ბინა გამეყიდა და წოდორეთში გადავსულიყავი. პატარა სახლს ვაშენებთ, ასევე ორანჟერეის აგებასაც ვაპირებ" - მებაღე პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია პოლიტიკოსებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მცენარეების დიდი მოყვარულია. სიამოვნებს ქოთნის ყვავილების მოვლა და ამ თემაზე სასაუბროდ წელს გაზეთ "კვირის პალიტრის" რესპონდენტიც უკვე იყო. მისი "მწვანე ინტერვიუ" კი, როგორც წლის შედეგებმა აჩვენა, გაზეთის საიტზე ათასობით ადამიანმა წაიკითხა. შესაბამისად, ყველაზე კითხვადი ინტერვიუს რესპონდენტი საახალწლოდაც ჩაწერეს. გთავაზობთ ინტერვიუდან ფრაგმენტს:

- 2025 წელს განსაკუთრებით რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა, რაც კვლავაც გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. რამდენად ახერხებდით საყვარელი საქმისთვის დროის დათმობას?

თეონა აქუბარდია:

- მართლაც რთული წელიწადი იყო და ჰობისა თუ გართობისთვის დრო და ხალისი ბევრს არ ჰქონდა. თუმცა ჩემი ქოთნის მცენარეების მოვლით შვება მაინც ვპოვე, ასევე ეზოს, ბაღის მცენარეების მოვლითაც. სამი წელიწადია, იპოთეკური სესხით შეძენილი მქონდა ნაკვეთი წოდორეთში, ლისის ტბასთან ახლოს. რაკი შინ ყვავილები აღარ ეტეოდა, გადავწყვიტე, ბინა გამეყიდა და წოდორეთში გადავსულიყავი. ამისთვის პატარა სახლს ვაშენებთ, ასევე 15 კვმ ორანჟერეის აგებასაც ვაპირებ. ჩემს ნაკვეთში მეტ აქცენტს ბაღის მცენარეებზე გავაკეთებ, ხეებსა და ყვავილებზე. ამით სამომავლო პერსპექტივას ვიქმნი, - ის, რაც მიყვარს და მაბედნიერებს, მცენარეების მოვლაა. რთული წლის მიუხედავად, შევძელი და რამდენიმე ნერგი შემოდგომით დავრგე.

ბებიაჩემის სოფლიდან მამამ დაფნის ნერგები ჩამომიტანა. ძალიან მიყვარს დაფნის ხეები. გარდა იმისა, რომ სურნელოვანია, მწერების საწინააღმდეგოა და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს არა მხოლოდ კულინარიაში. ასე რომ, ჩემს 500 კვმ მიწას რამდენიმე ნერგი დაფნაც შევმატე, სადაც იმედია, ბაღნარს გავაკეთებ. მცენარეების მოვლა და შემდგომ შედეგი დიდი სიამოვნებაა, რაშიც, ალბათ, ბევრი მებაღე დამეთანხმება.

- მამა ახსენეთ და, მცენარეების სიყვარული მისგან გამოგყვათ?

- ვფიქრობ, ოჯახიდან, რადგან დედასაც ძალიან უყვარდა ყვავილები, ოღონდ ქოთნის იები ჰქონდა, მერე მე კაქტუსები შევმატე, რომლებიც ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. მამასაც თავიდანვე უყვარდა მცენარეები... ზუგდიდის ბაზარში მცენარეების ფანტასტიკური ნერგები იყიდება, სადაც ზუგდიდში ყოფნისას მიყვარდა მისვლა. საერთოდ, სამეგრელოში მცენარეების მოვლის მაღალი კულტურაც ახდენდა ჩემზე გავლენას. მახსოვს, გალში, სოფელ ფიჩორში, მშობლებს რომ ჩავყავდი (იმ ტერიტორიაზე ახლა რუსული სამხედრო ბაზაა), ჩემს ნათესავ გოგოს საოცარი ვარდების (დამყნობილი) ბაღი ჰქონდა. ერთ ტოტზე ერთი ფერის ვარდი ხარობდა, მეორეზე - სხვა ფერის. როცა ბებიასთან ვიყავი, დილას ვდგებოდი და ეზოს ფოცხით ვგვიდი, რათა ბებიას (მამის დედა გეგეჭკორის ქალი იყო) დავხმარებოდი, რაც ძალიან მომწონდა.

მამას ძალიან უყვარს მცენარეები, მისი ნაჩუქარი რამდენიმე მცენარე სახლში მაქვს. გააგრძელეთ კითხვა