წმინდა ნიკოლოზის ნაწილები, მისი გარდაცვალებიდან თითქმის 1 700 წლის შემდეგ, კვლავ აოცებს მსოფლიოს.
იტალიაში, ქალაქ ბარიში მდებარე სან ნიკოლას ბაზილიკაში დაცული რელიკვიები მის თავის ქალას, რამდენიმე დიდი და მცირე ზომის ძვალს და სხვა უმცირეს ფრაგმენტებს მოიცავს. აქვე არის შენახული პატარა ქვებიც, რომლებიც წმინდანის ცხოვრებას უკავშირდება.

1950 წელს, რემონტის დროს, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ეპისკოპოსის საფლავი 1089 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა, რამაც მეცნიერებს რელიკვიების დეტალური გამოკვლევის საშუალება მისცა.
აღმოჩნდა რომ, 866 წლის განმავლობაში ხელუხლებელი ძვლები საფლავში იყო გაფანტული, ძვლის ღრუებში კვლავ შეინიშნებოდა ტენიანობა, ხოლო საფლავის ძირზე გამჭვირვალე სითხე იყო დაგროვილი.
წმინდანის ნაწილები დაახლოებით 343 წლით თარიღდება, ნიკოლოზი ადრეული ქრისტიანული ეპოქის ეპისკოპოსი იყო, ის რომის იმპერიის პერიოდში იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რომელიც დღეს თანამედროვე თურქეთის შემადგენლობაში არის მოქცეული.

წმინდა ნიკოლოზს პატივს მიაგებენ როგორც რომის კათოლიკე, ისე აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ის განსაკუთრებით ცნობილი თავისი გულუხვობის გამო გახდა, მაგალითად, უყვარდა ფარულად საჩუქრების ჩუქება, მათ შორის ადამიანების ფეხსაცმელში მონეტების დატოვება.
ეპიდემიის გამო მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლოზმა დატოვებული ქონება ღარიბებს დაურიგა და ვაჭრების, ლუდსახარშების და სათამაშოების დამამზადებლების მფარველი წმინდანი გახდა.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სამი გოგონა გადაარჩინა იძულებითი მეძავობას, როდესაც ფანჯრიდან ოქროს მონეტები გადაუგდო მათ მამას, იმისთვის რათა გოგონებისთვის მზითევი გადაეხადა.
წმინდანის ცხოვრების მრავალი დეტალი მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ დაიწერა. ყოველი წლის 9 მაისს მომლოცველები ბაზილიკაში იკრიბებიან, რადგან ამ დროს რელიკვიებიდან ტკბილი სურნელის მქონე სითხე, მირონი გამოიყოფა - ფენომენი პირველად საუკუნეების წინ დაფიქსირდა მირაში (თურქეთი), იქ სადაც წმინდანი თავდაპირველად იყო დაკრძალული.

არქეოლოგებმა ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს მისი ხელუხლებელი საფლავი, თუმცა 2022–2024 წლებში დემრეში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ჩატარებულმა გათხრებმა ეკლესიის თავდაპირველი იატაკი და შესაძლო, კარგად შემონახული კირქვის სარკოფაგი გამოავლინა, რომელიც შესაძლოა წმინდანის სხვა ნაწილებსაც შეიცავდეს.
ლეგენდის თანახმად, 1087 წელს იტალიელმა მეზღვაურებმა თურქების შემოსევებისგან დაცვის მიზნით, მისი ნაშთები საფლავიდან მოიპარეს და იტალიაში გადაიტანეს.
ბარიში გადატანილმა რელიკვიებმა კვლავ განაგრძო ტკბილსურნელოვანი სითხის გამოყოფა. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ეს სითხე მირონი ან სხვა არომატული ზეთი იყო, თუმცა ბარის უნივერსიტეტში ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ იგი წყალია. მიუხედავად ამისა, მორწმუნეები მას კვლავ მანანას სამკურნალო ძალას მიაწერენ. სითხე ყოველწლიურად გროვდება, დიდ ჭურჭლებში აზავებენ და ბოთლებით მომლოცველებს ურიგებენ.

სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მანანა შესაძლოა უბრალოდ კონდენსატი იყოს, რომელიც წმინდანის საფლავში წარმოიქმნება. თუმცა მორწმუნეები ამტკიცებენ, რომ კრიპტაში წყლის ბუნებრივი შეღწევა შეუძლებელია. ისინი მიუთითებენ 1954 წლის ექსჰუმაციის პროცესზე, როდესაც, გადმოცემით, თავად ძვლები “ოფლიანობდნენ“, რის გამოც ის ტილოც კი დასველდა ,რაშიც რელიკვიები იყო შეფუთული.
1980 წლიდან მოყოლებული, მანანის ამოღების რიტუალი ოფიციალურად ყოველწლიურად სრულდება, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მომლოცველს იზიდავს.

თავად წმინდა ნიკოლოზის კავშირი სანტა კლაუსთან მოგვიანებით ჩამოყალიბდა. XVI საუკუნისთვის მისი გულუხვობის ისტორიები განსაკუთრებით ჰოლანდიაში იყო გავრცელებული, სადაც მისი დღესასწაული - 6 დეკემბერი, დღემდე აღინიშნება. წმინდანის მიერ ფარულად საჩუქრების ჩუქების ჩვევამ კი იმ ტრადიციებს ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც დღეს სანტა -კლაუსსა და შობას უკავშირდება.