ახალი წელი ის იშვიათი დღესასწაულია, რომელსაც მთელი პლანეტა ერთიანი ემოციით, იმედითა და სიხარულით ელის. თუმცა, მიუხედავად საერთო განწყობისა, ყველა ქვეყანას საკუთარი, ზოგჯერ კი სრულიად დაუჯერებელი და უცნაური რიტუალები აქვს. იქ, სადაც ჩვენთვის დღესასწაული მხოლოდ ჩიჩილაკთან, გოზინაყთან და მეკვლესთან ასოცირდება, სხვა კულტურებში დღესასწაული შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჩემოდნებით ქუჩაში სირბილთან, თეფშების მსხვრევასთან, ან სულაც 108 ზარის დარეკვასთან.
გთავაზობთ მსოფლიოს 12 ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ ტრადიციას, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და საოცარია ჩვენი სამყარო
1. ესპანეთი: 12 მარცვალი ყურძენი

ესპანელებს აქვთ ტრადიცია, რომელსაც "Las doce uvas de la suerte" ჰქვია. როდესაც საათი შუაღამეს ჩამოჰკრავს, ყოველ დარტყმაზე თითო მარცვალი ყურძენი უნდა შეჭამონ. თუ 12 მარცვლის შეჭმას დროულად მოასწრებთ, მომავალი 12 თვე იღბლიანი იქნება.
2. იტალია: წითელი თეთრეული და ძველი ნივთები

იტალიაში მიჩნეულია, რომ ახალ წელს აუცილებლად წითელი თეთრეულით უნდა შეხვდეთ, რათა სიყვარული და იღბალი მოიზიდოთ. ზოგიერთ ქალაქში (მაგალითად, ნეაპოლში) ჯერ კიდევ შემორჩენილია ფანჯრიდან ძველი ნივთების ან ჭურჭლის გადაყრის ტრადიცია – ეს ძველთან დამშვიდობების სიმბოლოა.
3. დანია: თეფშების მსხვრევა კარებთან

დანიაში მეგობრობას თეფშებით ზომავენ. მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ გაბზარულ ჭურჭელს, ახალი წლის ღამეს კი მას მეგობრებისა და მეზობლების სახლის კართან ამსხვრევენ. რაც უფრო დიდი ნამსხვრევების გროვა დაგხვდებათ კართან, მით მეტი ერთგული მეგობარი გყავთ.
4. იაპონია: 108 ზარის დარტყმა

იაპონურ ტაძრებში ზარებს 108-ჯერ რეკავენ. ბუდისტური რწმენით, ეს ადამიანს 108 ამქვეყნიური ცოდვისა და საცდურისგან ათავისუფლებს. ასევე, იაპონელები სახლის კარს ფიჭვის ტოტებით რთავენ, რაც დღეგრძელობის სიმბოლოა.
5. საბერძნეთი: ბროწეულის დანარცხება

საბერძნეთში ახალი წლის დადგომისთანავე ოჯახის უფროსი სახლის წინ ბროწეულს მიწაზე ანარცხებს. რაც უფრო მეტი მარცვალი გაიფანტება, მით მეტი ბარაქა და იღბალი ექნება ოჯახს იმ წელს.
6. ფილიპინები: ყველაფერი მრგვალი

ფილიპინებში ახალი წელი ფორმებთან ასოცირდება. ყველაფერი მრგვალი (მონეტის მსგავსი) სიმდიდრის მომტანია. ამიტომ, ადამიანები იცვამენ კოპლებიან სამოსს და სუფრაზე 12 სხვადასხვა სახის მრგვალ ხილს აწყობენ.
7. შოტლანდია: "პირველი ფეხი"

შოტლანდიელებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინ შემოვა სახლში პირველი 12 საათის შემდეგ. იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, რომელსაც ხელში სიმბოლური საჩუქრები (ნახშირი, პური, მონეტა) უჭირავს, რაც სითბოსა და კეთილდღეობას ნიშნავს.
8. კოლუმბია: ცარიელი ჩემოდანი

თუ კოლუმბიაში ვინმეს დაინახავთ, რომელიც ქუჩაში ცარიელი ჩემოდნით დარბის, ნუ გაგიკვირდებათ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ჩემოდნით უბანს შემოუვლით, მომავალი წელი მოგზაურობებითა და ახალი თავგადასავლებით იქნება სავსე.
9. ესტონეთი: 7, 9 ან 12 კერძი

ესტონეთში ახალ წელს ბევრი ჭამა ბედნიერების მომტანია. ტრადიციულად, ადამიანები ცდილობენ დღის განმავლობაში 7-ჯერ, 9-ჯერ ან 12-ჯერ ჭამონ (ეს ციფრები იღბლიანად მიიჩნევა). ითვლება, რომ ყოველი ჭამა ადამიანს სიმბოლურ ძალას მატებს – რაც უფრო მეტჯერ მიირთმევს ის დღის განმავლობაში, მით მეტი ენერგიითა და ბარაქით შეხვდება მომავალ წელს
10. ბრაზილია: თეთრი სამოსი და ტალღები

ბრაზილიაში ახალ წელს თეთრებში გამოწყობილები ხვდებიან, რათა ბოროტი სულები დააფრთხონ. ვისაც ოკეანესთან წვდომა აქვს, შუაღამისას წყალში შედის და 7 ტალღას გადაახტება – თითო გადახტომაზე თითო სურვილს ჩაუთქვამენ.
11. პანამა: ფიტულების დაწვა

პანამაში ახალ წელს წვავენ ცნობილი ადამიანების (პოლიტიკოსების, სპორტსმენების) ან გამოგონილი პერსონაჟების ფიტულებს, რომლებსაც "muñecos"-ებს უწოდებენ. ეს სიმბოლურად გასული წლის ყველა ნეგატივის განადგურებას ნიშნავს.
12. ეკვადორი: ფოტოების დაწვა

ეკვადორელებს აქვთ საინტერესო ტრადიცია: ისინი წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მათ ცუდ მოგონებებს ან პრობლემებს ახსენებთ. ეს ეხმარებათ, რომ ახალ წელს სუფთა ფურცლიდან და ზედმეტი ემოციური ტვირთის გარეშე შეხვდნენ.