საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების ვადა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის განკარგულების თანახმად, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.
ამასთან, საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული 45 ლარი, მომდევნო თვიდან, არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
"საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.