Nickelodeon-ის ვარსკვლავის ტრაგიკული დაცემა: ტაილორ ჩეისი ქუჩაში ცხოვრობს, ნაგავს აგროვებს და ამბობს, რომ „დაწყევლილია“ – რას ჰყვება მისი ოჯახი?
ის ერთ დროს პოპულარული საბავშვო სერიალის გამორჩეული სახე იყო, რომელსაც მილიონობით მოზარდი იცნობდა. დღეს კი, 36 წლის ასაკში, Nickelodeon-ის ყოფილი ვარსკვლავი, ტაილორ ჩეისი, კალიფორნიის ქალაქ რივერსაიდის ქუჩებში დახეული ტანსაცმლით დადის და სიგარეტის ნამწვებსა თუ გადაგდებულ საშობაო ბარათებს აგროვებს.
გამოცემა Daily Mail-მა მსახიობს მას შემდეგ მიაკვლია, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჟურნალისტებმა არა მხოლოდ მისი მძიმე ყოფა ნახეს, არამედ მისი ვრცელი კრიმინალური ისტორიაც გამოააშკარავეს.

ტაილორ ჩეისმა პოპულარობის პიკს 15 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც საკულტო სერიალში Ned's Declassified School Survival Guide ჭკვიანი და ენამოსწრებული მარტინ ქვერლის როლი მოირგო. ის შოუს სამივე სეზონში (2004-2007 წწ.) მონაწილეობდა, თუმცა ამის შემდეგ მისი კარიერა ჩაიძირა.
2014 წელს, როდესაც ის მამასთან საცხოვრებლად ჯორჯიაში გადავიდა, ჩეისმა YouTube-ზე ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც საკუთარ ლექსებს კითხულობდა. ეს ვიდეოები ნათლად ასახავდა მის მძიმე მენტალურ მდგომარეობას. ერთ-ერთ ლექსში, სახელწოდებით "ბიპოლარული“, ის ამბობდა:

"მე ვარ ფოთოლი სანიაღვრე არხში, რომლის ბედიც კანალიზაციაში დასრულება... ცხოვრებაში ძალიან მიჭირს. მე ვარ ილუზიონისტი, რომელმაც ქუდი და ბოცვერები დაკარგა. ჩემს შოუებზე აღარავინ მოდის. მე ბიპოლარული აშლილობის გრავიტაციამ საძინებელში დამამწყვდია. ალბათ, დაწყევლილი ვარ. შესაძლოა, მე არაფერი ვარ“.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ტაილორმა ფსევდონიმით ორი ფენტეზი ჟანრის წიგნიც გამოსცა, მისი ცხოვრება მაინც ქუჩას დაუკავშირდა. 2023 წლის აგვისტოდან დღემდე, მის წინააღმდეგ 12 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მხოლოდ წელს ის 8-ჯერ დააკავეს - ძირითადად წვრილმანი ქურდობისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები მას კვირაში ერთხელ მაინც ხვდებიან და სხვადასხვა დახმარებას სთავაზობენ, თუმცა ჩეისი ყოველ ჯერზე უარზეა. ის უარს ამბობს როგორც თავშესაფარზე, ისე ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტაილორი კითხვებს გაუგებრად პასუხობდა, მისი სახე მაშინვე განათდა, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ის სერიალის ვარსკვლავი.
"თქვენ გსმენიათ Ned's Declassified-ის შესახებ? ჩვენ 2004-ში დავიწყეთ... ეს კარგი დრო იყო,“ - იხსენებდა ის ღიმილით.
თუმცა, რეალობასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს. ის ამტკიცებს, რომ უსახლკარო არ არის: "მე მყავს მეგობრები და ოჯახი. დედაჩემი აქაა. ბევრი კარგი ადამიანი მეხმარება, ეს დიდი პრივილეგიაა“. კითხვაზე, სჭირდებოდა თუ არა საკვები, მან უპასუხა, რომ ურჩევნია მარიხუანა მისცენ.
დედა ფანებს აფრთხილებს: "მას ფული არ მისცეთ“
ტაილორის დედა, პაულა მოისიო, რომელიც იქვე ახლოს მუშაობს, კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ის მკაცრად აფრთხილებს საზოგადოებას. როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტაილორისთვის 1200 დოლარი შეაგროვა, პაულამ სთხოვა კამპანია შეეწყვიტა.

"ტაილორს სამედიცინო დახმარება სჭირდება და არა ფული. ის ფულს ვერ მართავს. რამდენჯერმე ვუყიდე ტელეფონი, მაგრამ ერთ-ორ დღეში კარგავს. ფული მას მხოლოდ ავნებს,“ - წერს დედა.
კოლეგების რეაქცია
მისი ყოფილი კოლეგები შოკირებულები არიან. დევონ ვერკჰაიზერმა, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ ტაილორის ნახვა ამ მდგომარეობაში "გულსაკლავია“. დახმარების სურვილი გამოთქვა მსახიობმა შონ ვაისმაც, რომელმაც თავად გამოიარა ნარკოდამოკიდებულების ჯოჯოხეთი. მან განაცხადა, რომ ტაილორისთვის უკვე მომზადებულია ადგილი დეტოქსლინიკაში და მხოლოდ მისი პოვნაა საჭირო.
ამ დროისთვის ტაილორ ჩეისი კვლავ რივერსაიდის ქუჩებში რჩება. ის ამბობს, რომ შესაძლოა მალე მამასთან გაემგზავროს ჯორჯიაში, თუმცა მისი რეალური მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.