ავტორი:

"კონსულტაციაზე მოხუცი ქალბატონი მოვიდა, მითხრა, რომ ერთ თვეში მინიმუმ 15 კგ უნდა დაეკლო, რათა შვილისთვის თირკმელი გადაენერგა" - ექიმი ნატა გაგუა ემოციურ ამბავს იხსენებს

"კონსულტაციაზე მოხუცი ქალბატონი მოვიდა, მითხრა, რომ ერთ თვეში მინიმუმ 15 კგ უნდა დაეკლო, რათა შვილისთვის თირკმელი გადაენერგა" - ექიმი ნატა გაგუა ემოციურ ამბავს იხსენებს

ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში "სახალხო ინტერვიუ“ პაციენტებთან მის ურთიერთობაზე საუბრობს და იქვე ერთ საინტერესო ამბავსაც იხსენებს, რომელიც მის სამედიცინო პრაქტიკაში მოხდა.

ნატა გაგუა:

- პაციენტებთან ურთიერთობას წიგნს შევადარებ. ზოგი წიგნი ხომ უფრო საინტერესოა, ზოგი - ნაკლებად. ასევეა ჩემთვის პაციენტებთან ურთიერთობაც, მაგრამ არ არსებობს, პაციენტი, რომელთან მუშაობისასაც, როგორც პროფესიონალს, რაიმე არ მომმატებია. კი, სულ რაღაცნაირად ვიზრდები.

ზოგჯერ არის ისეთი ემოცია, როცა მინდა, რომ თავდაცვის რეჟიმში გადავიდე, რადგან მგონია, რომ პაციენტს აგრესია აქვს, მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია და არც ეს აღარ მაშინებს. ვხვდები, რომ საერთოდ სირთულე უფრო ზრდის პროფესიონალს, ვიდრე მეტად დალაგებული სიტუაცია, როდესაც პაციენტის რეაქცია, მკურნალობის დინამიკა მოსალოდნელია.

ხანდახან ყოფილა ხულიგანი პაციენტი, რომელთანაც შემდეგ დავმეგობრებულვარ. ეს იმიტომ, რომ ამ პროცესში, ურთიერთობაში იმდენი ემოცია დაიბადა, რომ ბოლოს უკვე კარგად გვესმოდა ერთმანეთის. მადლიერი ვარ ჩემი პაციენტების ჯერ ერთი იმისთვის, რომ როგორც კლინიცისტი მათთან ერთად გავიზარდე. ბევრი რამ, რაც არც ერთ სამედიცინო სახელმძღვანელოში არ ყოფილა და არც დაწერილა, ის მათთან ურთიერთობამ მასწავლა.

ამ ისტორიებიდან ერთი განსაკუთრებული იყო და არასოდეს დამავიწყდება. ჩემთან კონსულტაციაზე მოხუცი ქალბატონი მოვიდა, რომელიც სპეციალურად დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა და მითხრა, რომ ერთ თვეში მინიმუმ 15 კილოგრამი უნდა დაეკლო. ასევე მითხრა, რომ არასოდეს გამოუცდია დიეტა და არც წონის კორექცია ყოფილა მისი ცხოვრების მიზანი. შემდეგ საუბრისას გაირკვა, რომ წონაში დაკლება იმისთვის სჭირდებოდა, რომ შვილისთვის თირკმელი უნდა გადაენერგათ და მისი დონორი თვითონ უნდა გამხდარიყო. დავიწყეთ მუშაობა.

რა თქმა უნდა, ასაკოვანი ქალბატონისთვის, ერთ თვეში ამხელა წონის დაკლება ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ამასთან ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, მაგრამ არასდროს მქონია ურთიერთობა მსგავს პაციენტთან, რომელიც ასეთი მოწესრიგებული აღმოჩნდა. უყოყმანოდ, ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე ასრულებდა ყველაფერს, რასაც ვთხოვდი. შედეგი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, - 15 კილოგრამზე მეტიც დაიკლო, - მისი შედეგი იყო - ერთ თვეში მინუს 18 კილო.

  • ოპერაციაც კარგად ჩატარდა... მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რა მნიშვნელობა აქვს სწორ მოტივაციას. ასეთ დროს შეიძლება ადამიანმა შეუძლებელი შედეგიც დადოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს... ეს სევდიანი ისტორია საბედნიეროდ კარგად დასრულდა.

ასე რომ, ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი თავის და ყოველთვის გულწრფელად გინდოდეთ იმ პრობლემის დაძლევა, რისთვისაც ექიმს მიაკითხეთ. აუცილებლად გექნებათ კარგი შედეგი!

აქვე მინდა გავიხსენო ცნობილი ფსიქოთერაპევტის ფრაზა, რომელიც ძალიან მომწონს - "თქვენ რასაც აცნობიერებთ, მხოლოდ იმას აკონტროლებთ. რასაც ვერ აცნობიერებთ, ის გაკონტროლებთ“. მიყვარს ეს სიტყვები, რომელსაც 100%-ით ვეთანხმები.