ზამთარში სეზონურად ჯანმრთელობის კუთხით ადამიანები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან. უმეტესობა გაუფრთხილებლობის გამო ხდება. რა პრობლემებია ეს, როდის და რატომ ხდება ისინი - ამ საკითხებზე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ პროექტში „სახალხო ინტერვიუ“ დაწვრილებით ისაუბრა.
- მოყინული კიდურებით წლის განმავლობაში რამდენი პაციენტი გაკითხავთ და რა რისკებს შეიცავს ეს დაზიანებები?
- მოყინვა ძალიან სერიოზული დაზიანებაა, საბედნიეროდ, ჩვენთან ხშირი არ არის, თუმცა წელიწადის განმავლობაში, ამ პრობლემით, 20-30 პაციენტი გვყავს ხოლმე და ესენი ძირითადად ზამთრის პერიოდში არიან. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელია მინუს გრადუსი იყოს, რომ მოყინვა მივიღოთ. არადა, +3-5 გრადუსზეც, როცა მაღალი ტენიანობაა, ეს შესაძლებელია მოხდეს, რაც ძირითადად ალპინისტებში, მონადირეებსა და უსახლკაროებში გვხდება.
როცა ადამიანებს გარეთ დაბალ ტემპერატურაზე უწევთ გათენება, ეს ზოგჯერ კიდურების და თითების ამპუტაციითაც მთავრდება. ამიტომ ზემო და ქვემო კიდურებისთვის ეს სახიფათო დაზიანებაა. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რა დროის გატარება უწევთ ადამიანებს გარეთ სიცივესა და ყინვაში.
მოგეხსენებათ, ბუნებასთან ჭიდილი, მასთან ბრძოლა რთულია. ასეთ დროს ძალიან კარგად უნდა ვიყოთ ფიზიკურად მზად, რომ რაღაც დაბრკოლებები თავიდან ავიცილოთ. არის, როცა ნასვამ მდგომარეობაში, ღამით რაღაც მანძილის გავლაც უწევთ, სადღაც ხანგრძლივად ჩამოჯდომაც. ასეთ დროს თუ შესაბამისად არ აცვიათ, არ არიან სპეციალური აღჭურვილობით, არ აქვთ ხელთათმანი, თბილი ნესტგამძლე ფეხსაცმელი, დაზიანების რისკი დიდია. თითქოს არაფერია - ერთი-ორი კილომეტრის გავლა, მაგრამ ეს ხშირად გადაციებასთან ერთად, სერიოზული დაზიანებით - მტევნების, ტერფების მოყინვით სრულდება.
გვქონია შემთხვევები, როცა მოყინვა ადვილად აქროლადი სითხეებით მიუღიათ. ეს ძირითადად სხვადასხვა საწარმოში ხდება, თუმცა მოყინვით პაციენტები ძირითადად მაინც ზამთარში გვყავს ხოლმე.
- ახალი წლის დღეებშიც დატვირთული ხართ პაციენტებით - პიროტექნიკით დაზიანებულები მოგმართავენ. როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის დამწვრობა რის გამო ხდება და როგორია თქვენი რეკომენდაცია?
- ესეც არის გაუფრთხილებლობა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროს პიროტექნიკით დამწვრობაზე უფრო ხშირი სხვადასხვა ტრავმული დაზიანებაა. არის სხვადასხვა ნაკვეთი ჭრილობა, თვალის ტრავმები, თუმცა პიროტექნიკით მიღებული დაზიანება მაინც უფრო დამწვრობასთან ასოცირდება... ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ გაუფრთხილებლობა.
არ არის აუცილებელი, ოჯახი პიროტექნიკით გავართოთ. ჩვენთან ოჯახში ფანჯარასთანაც არ მივდივართ და არც აივანზე გავდივართ იმისთვის, რომ სხვისი გატყორცნილი პიროტენიკა დავინახოთ, რადგან არც ესაა უსაფრთხო. მესმის რომ ქართველისთვის სროლა და ხმაური სახასიათო - ადრეულ პერიოდს თუ გავიხსენებთ, თუნდაც ოჯახში ვაჟის დაბადებით გამოწვეული სიხარული თოფის გასროლით გამოიხატებოდა. სასურველია, ამ ტრადიციას რაიმე ისეთი ჩავანაცვლოთ, რაც ჩვენთვის ნაკლებ სახიფათო იქნება.
ძირითადად ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მარცხენა, სახე, გულმკერდის არე, ქვემო კიდურები და ა.შ. არის შემთხვევები, როცა რამდენიმე მტევნის ამპუტაციაც კი ხდება საჭირო. პიროტექნიკა ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან არასრულწლოვანზე გაყიდვა აკრძალულია და დასჟადი, თუმცა ახალი წლის დღეებში ეს ყველაფერი ბავშვებისთვის სამწუხაროდ მაინც ხელმისაწვდომი ხდება. 31 დეკემბერს არავინ ელოდება, მანამდე იყიდება და მათი გამოყენებაც მანამდე ხდება. ყველაფერი კი გრძელდება შობა, ძველით ახალ წლამდე და ლამის ჩინურ ახალ წლამდე, სანამ ბოლომდე არ ამოიყიდება.
თუ მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ პიროტექნიკა საზიანოა, მაშინ მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, არ მგონია, მის გაყიდვას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომ რამდენიმე დაკარგული თითის ფასი ღირდეს. შეხედავ სათამაშოა, ბავშვისთვისაც, მოზრდილისთვისაც მიმზიდველია, არ აქვს რაიმე გამაფრთხილებელი შეფუთვა, გამოიყურება როგორც ლამაზი სათამაშო. პიროტექნიკა, რომელიც 300 მეტრის სიმაღლეზე ადის, ვიღაცას მიჯრით სახის ან გულმკერდის არეში რომ მოხვდება, წარმოუდგენელი დაზიანების მოტანა შეუძლია. რაც არ უნდა უბრალოდ გამოიყურებოდეს, იაფი ღირდეს, მისი არასწორად გამოყენება, მაგალითად, დახურულ მუჭში მოქცევა, მით უმეტეს ბავშვს სერიოზულად აზიანებს. ამას ემატება ის, რომ დღესასწაულია, ყველა ნასვამია, ნაბახუსევი, საერთო ეიფორიაა, ტრავმიანობის რისკი ისედაც გაზრდილია და ამას თან ერთვის კიდევ პიროტექნიკა...
ისიც საკითხავია, ეს პიროტექნიკა რა ხარისხის და როგორ შემოდის აქ. თან ძნელად წარმომიდგენია, ვინმე მის ანოტაციას, რაც იმ პიროტექნიკას ახლავს, ზუსტად ჩაუჯდეს, წაიკითხოს და გამოყენებისას ზედმიწევნით შეასრულოს ყველაფერი. ჩვენ ეს ხომ არ გვჭირდება, რადგან ყველაფერი "ვიცით“?!
მე დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას!