ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბავმა მსოფლიო შეძრა - ფრანგმა სექს სიმბოლომ ხომ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და კინოინდუსტრიაში მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მოგვიანებით თავადვე უარყო და ჩრდილში ცხოვრება არჩია.
ბრიჯიტ ბარდოს ეკრანზე სექსუალური იმიჯი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით თავადვე შესძულდა. ჰედონისტურ სექს-სიმბოლოდ წარმოჩენილი ბარდო იმედგაცრუებული იყო, რადგან მას სერიოზული სამსახიობო კარიერა სურდა. საბოლოოდ, ამ და სხვა მიზეზების გამო, ბრიჯიტი იძულებული გახდა სამსახიობო კარიერა მიეტოვებინა და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ებრძოლა.
წლების შემდეგ, ბარდოს რეპუტაცია შეილახა ჰომოფობიური განცხადებებისა და რასობრივი სიძულვილის გაღვივების გამოც. მისმა შვილმა კი ემოციური ზიანის მიყენებისთვის მას შემდეგ უჩივლა, რაც ბარდომ უთხრა, რომ "მის გაჩენას, პატარა ძაღლის გაჩენა ერჩივნა".

ბრიჯიტ ენ-მარი ბარდო პარიზში, 1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. მისი კათოლიკე მშობლები მდიდრები და ღვთისმოსავები იყვნენ და შვილებისგან მაღალ სტანდარტებს მოითხოვდნენ. ის და მისი და, მარი-ჟანი, ქალაქის ყველაზე მდიდრულ უბანში მდებარე ბინაში გაიზარდნენ. ბარდო 7 წლის ასაკიდან ბალეტის გაკვეთილებზე ჩაირიცხა და არაერთი ჯილდოც მოიპოვა.

მოგვიანებით, ოჯახის მეგობარმა დაიყოლია ბრიჯიტი, რომ ჟურნალი Elle-ის ფრანგული გამოცემისთვის ეპოზიორა. მისმა ფოტოებმა ქვეყანაში სენსაცია გამოიწვია. იმ დროს, მოდურ ქალებს მოკლე თმა ჰქონდათ, ეცვათ შეკერილი ქურთუკები და აბრეშუმის საღამოს კაბები. ბრიჯიტის თმა მხრებს ქვემოთ იყო, მას ბალერინას მოქნილი, სპორტული სხეული ჰქონდა და არაფრით ჰგავდა სხვა მოდელებს. ფოტოების წყალობით, ის "jeune fille" (ახალგაზრდა გოგონას) სტილის ახალ სახედ იქცა.

ბრიჯიტის ფოტოებმა ცნობილი კინო-რეჟისორის, მარკ ალეგრეტის ყურადებაც მიიპყრო, რომელმაც თავის ასისტენტს, როჯერ ვადიმს, გოგონას პოვნა დაავალა. სატესტო გადაღებები წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ვადიმმა, რომელიც ბრიჯიტზე 6 წლით უფროსი იყო, გოგონა ჯერ თავის პროტეჟედ, შემდეგ კი საცოლედ გახადა. მათი რომანი გაცნობიდან მალევე დაიწყო, თუმცა ბარდოს მშობლებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ბრიჯიტს ინგლისში გაშვებით დაემუქრნენ. იმის გამო, რომ 16 წლის გოგონა თავდავიწყებით იყო შეყვარებული ვადიმზე, მშობლებმა დათმეს, თუმცა მას 18 წლამდე დაქორწინება აუკრძალეს. როგორც კი ბრიჯიტი სრულწლოვანი გახდა, წყვილი დაქორწინდა.
ვადიმმა ხელი შეუწყო ბრიჯიტს, რომ ვარსკვლავი გამხდარიყო. მან თავიანთი ქორწილის ფოტოები Paris-Match-ს მიჰყიდა, დაეხმარა ბრიჯიტს ათეულობით ფილმში მცირე როლების პოვნაშიც, მაგრამ 1956 წლამდე ის ძირითადად ბიკინიში პოზირებით იყო ცნობილი - მანამდე ბიკინი ესპანეთში, იტალიასა და ამერიკის დიდ ნაწილში აკრძალული იყო.
შემდეგ კი გამოჩნდა როლი, რომელმაც ბარდო ვარსკვლავად აქცია. ვადიმის სადებიუტო ფილმი "და ღმერთმა შექმნა ქალი" პარიზში გამოვიდა. ფილმმა საფრანგეთში ფული ვერ გამოიმუშავა, თუმცა აშშ-ში ის სენსაციად იქცა. ეგზისტენციალისტმა სიმონ დე ბოვუარმა ბარდო "აბსოლუტური თავისუფლების" ხატად შეაფასა. ფილმის თამამი სცენების გამო, ის ამერიკის ზოგიერთ შტატში ამორალურად შერაცხეს და აკრძალეს კიდეც.

რამდენიმე სასიყვარულო რომანის შემდეგ, 1959 წელს, ბრიჯიტი დაქორწინდა მსახიობ ჟაკ შარიეზე, რომელთან ერთადაც ითამაშა ფილმში "ბაბეტი ომში მიდის". წყვილს ვაჟი, ნიკოლა შეეძინა, მაგრამ ბარდოს ორსულობა სძულდა: ის ხშირად მუცელში მუშტებსაც იშენდა და ექიმს ევედრებოდა მისთვის ცნობილი მედიკამენტი მიეცა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი აქვს, რათა მუცელი მოშლოდა.

გარდაუვალი განქორწინების შემდეგ, ნიკოლას დედა ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. მან ბარდოს ემოციური ზიანისთვისაც უჩივლა, როცა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, აცხადებდა, რომ ვაჟის ყოლას "ძაღლის გაჩენას" ამჯობინებდა.
ბრიჯიტი იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო, თუმცა მას მხოლოდ ის სურდა, სერიოზულად აღექვათ მისი სამსახიობო ნიჭი: "არ მქონია შანსი, რომ როლები მეთამაშა, ძირითადად ტანსაცმლის გახდა მიწევდა",- აცხადებდა იმედგაცრუებული ბარდო.
მესამე ქორწინებას მილიონერ გერმანელ პლეიბოიზე მოჰყვა საყვარლების სერია - თუმცა, უჩვეულოდ, მან შონ კონერი უარყო.

თითქმის 50 ფილმში მონაწილეობის შემდეგ, ბრიჯიტ ბარდომ, 1973 წელს გამოაცხადა, რომ პენსიაზე გადიოდა და ცხოველთა კეთილდღეობას მიუძღვნიდა დარჩენილ ცხოვრებას: "ჩემი სილამაზე და ახალგაზრდობა მამაკაცებს მივეცი, ჩემს სიბრძნესა და გამოცდილებას კი ცხოველებს მივუძღვნი"- თქვა მან.
ბარდო ვეგეტარიანელი გახდა, ჩინეთის მთავრობა დათვების "წამებისთვის" გააკრიტიკა და ასობით ათასი დოლარი გადაიხადა რუმინელი მაწანწალა ძაღლების სტერილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბარდოს არაერთხელ წაუყენეს ბრალდება რასობრივი სიძულვილის გამო. ის აპროტესტებდა იმ მეთოდს, რომლითაც ისლამური და ებრაული სარწმუნოებები ცხოველებს საკვებად ხოცავენ.
მაგრამ მისი კრიტიკის გამოხატვის მანერა მიუტევებელი და, ფაქტობრივად, უკანონო იყო. 1999 წელს მან დაწერა: "ჩემი სამშობლო უცხოელების, განსაკუთრებით მუსლიმების ჭარბ მოსახლეობას ოკუპირებული აქვს". ამან ბარდოს უზარმაზარი ჯარიმა მოუტანა. უკვე ასაკიანი მსახიობი იმდენად ხშირად იყო სასამართლოში, რომ 2008 წელს პროკურორმა განაცხადა, რომ "დაღლილი" იყო მისთვის ბრალდების წაყენებით.
ბრიჯიტ ბარდო 2025 წლის 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა