ავტორი:

"20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია, რჩება 1-2 ძალიან რთული საკითხი" - რა შედეგით დასრულდა ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ფლორიდაში

"20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია, რჩება 1-2 ძალიან რთული საკითხი" - რა შედეგით დასრულდა ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ფლორიდაში

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარეებმა მედიასთან მიღწეულ შედეგზე ისაუბრეს.

  • ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმის "ყველა ასპექტი“ განიხილეს.

მან მადლობა გადაუხადა ტრამპს "საოცარ ადგილას შესანიშნავი შეხვედრისთვის“.

ზელენსკის თქმით, გუნდებმა განიხილეს "სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძინა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის "90% შეთანხმებულია“.

მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე“, - დასძენს ის.

  • ზელენსკიმ ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

კერძოდ, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონის შესახებ ჰკითხეს.

"პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას...რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიის საკითხი კვლავ რთულ თემად რჩება.

"თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ტერიტორიის საკითხზე საბოლოოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშვიდობო გეგმის ნებისმიერი პუნქტისთვის - არა მხოლოდ ტერიტორიისთვის.

"ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე...რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ეს მათი მიწაა, მიწაა და არა ერთი ადამიანის. ეს ჩვენი ერის მიწაა მრავალი თაობის მანძილზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკისთან შეხვედრას "შესანიშნავი“ უწოდა.

"შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: "ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“.

  • ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში "ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.

მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება 95%-ს მიუახლოვდეს.

ტრამპის თქმით, დონბასის რეგიონის ბედი, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

"ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია“. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.

"ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ - ასე თუ ისე“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.