ავტორი:

"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - 20 წლის ზვიად ცეცხლაძის ახალი წელი ციხეში და მზადება გამოცდებისთვის, რაშიც დახმარება სჭირდება

"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - 20 წლის ზვიად ცეცხლაძის ახალი წელი ციხეში და მზადება გამოცდებისთვის, რაშიც დახმარება სჭირდება

"მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი - ყაველაშვილის)“, - ასეთია 20 ზვიად ცეცხლაძის პოზიცია სინდისის პატიმრების შეწყალებაზე.

ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი და ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის“ დამფუძნებელია. ის გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში თითქმის 9 თვე გაატარა. 2025 წლის 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ სახელაშვილმა ზვიადს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მან ის დამნაშავედ ცნო პროევროპული აქციებისას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა კიდევ 7 დაკავებულს. არც ერთი მათგანი გამოძიების არც ერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა.

ზვიადი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ambebi.ge მას ინტერვიუსთვის მისი ადვოკატის და მამის - ზურაბ ცეცხლაძის საშუალებით დაუკავშირდა.

- ზვიად, როგორ ხარ, როგორ გრძნობთ თავს უჩვეულო გარემოში, საპატიმრო რომ ჰქვია?

- არა მიშავს, საპატიმროში მნიშვნელოვანია, თუ ვისთან ერთად ხარ. კარგ ხალხში მოვხვდი და ციხეც ციხედ არ იგრძნობა. უნივერსიტეტის ამბებში ვარ ჩართული (შუალედური გამოცდებია), აქედან როგორც ხერხდება, ისე ვსწავლობ და ვარ საგამოცდო რუტინაში.

- სამწუხაროდ, უკვე მეორედ ხვდები ახალ წელს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორი იქნება ახალი წელი, მანდ როგორ აღნიშნავთ?

- რატომღაც (და მგონი, საკმაოდ დასაბუთებულად) 2026 წლისგან მხოლოდ მეტ განსაცდელს ველი, რაც ჩვენგან მეტ მოქმედებას და აქტიურობას მოითხოვს. ახალ წელს ალბათ საკანში სანთლებს დავანთებთ და უფალს ვთხოვთ, ჩვენს ქვეყანას და ერს რამე უშველოს.

- დედისთვის მიწერილ წერილში წერდი, "აქედან ბევრ დადებითს გამოვიტან. დე, ჩემთვის იყავი ძლიერიო", რას გულისხმობდი, რა მოგცა პოზიტიური თავისუფლების აღკვეთამ?

- ბევრს ვსწავლობ, ვკითხულობ, დრო მაქვს აუარებელი, გარეთ ამდენს ვერ ვიცლიდი. ახლა ის წიგნებიც წავიკითხე ციხეში, რაც აქამდეც უნდა მქონოდა წაკითხული. თან სხვა ბევრი ცხოვრებისეული რამ ვისწავლე, ადამიანების უკეთ შეცნობა და დაფასებაც.

- როგორია თავისუფლების შენეული დეფინიცია, როდის არის ადამიანი თავისუფალი და რა ეხმარება მას მის შენარჩუნებაში?

- სიცოცხლე თავისუფლების გარეშე და თავისუფლება სიცოცხლის გარეშე ("ცოცხალში“ იმას ვგულისხმობ, როდესაც შენს არსებობას აზრი და მიზანი აქვს) არ არსებობს, მას მუდმივობა სჭირდება, მუდმივი მოძრაობა, ბრძოლა... ის სულიერი სამყაროს ყველაზე მძლავრი ელემენტია, რაც მატერიალურ სივრცობრივ სამყაროსაც ცვლის და მასზე ახდენს გავლენას (ასევე - პირიქით). თავისუფლება არის გონებაში, იდენტობაში, ყველაზე მცირე მოქმედებებითაც კი შეიძლება თავისუფლების ალის შენარჩუნება, ყველაზე რეპრესიულ და ავტოკრატიულ სამყაროშიც ის ნებისმიერ დროს აგიზგიზდება.

- რას ნიშნავს ქუჩის პროტესტი შენთვის და სინდისის სხვა პატიმრებისთვის, რა შედეგს მოიტანს ის?

- ქუჩის პროტესტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ანუ მისი მნიშვნელობა სცდება ჩემი, ერთი ინდივიდის შეფასებას. ჩვენს ქვეყანას თუ სრული კრახისგან და მოსპობისგან რაიმე თხელზე თხელი მემბრანა იცავს, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელსაც სჭირდება ახალი ძალები.

- ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად სხვადასხვა რეპრესიულ კანონებს იგონებს და აკანონებს. რა უნდა დაუპირისპიროს მას საზოგადოებამ და მიაღწევს თუ არა მმართველი ძალა იმას, რომ სიმართლის ხმა აღარ ისმოდეს ქვეყანაში?

- რეპრესიულ კანონებს მხოლოდ სამოქალაქო წინააღმდეგობა უნდა დავუპირისპიროთ, მორალზე დაფუძნებული (რაც დიდად სწორად არ არის გააზრებული, ან საერთოდ არ არის). თუ ასე გაგრძელდა - ცალმხრივი ბრძოლა, სადაც მხოლოდ თავდაცვაში ვართ, მაშინ ავტოკრატი თავისას მიაღწევს.

- თავისუფლებისმოყვარე ბიჭი როგორ უმკლავდები ამ მდგომარეობას, რას ნიშნავს ეს წლები შენთვის?

- ამაზე არ ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი წლებია, ვსწავლობ და ამ დროს ფუჭად არ ვფლანგავ, ფოლადი ცეცხლში იწრთობა.

- როცა შალვა პაპუაშვილმა უაპელაციოდ ტერორისტად მოგიხსნიათ, რა განცდა გქონდათ ამ იარლიყზე?

- გამიკვირდა, რომ ამხელა ძალაუფლების და ასაკის მქონე კაცი 20 წლის ბიჭს დასდევს იარლიყის დასაწებებლად. ცოტა სიბრალულის გრძნობაც გამიჩნდა. დე იურე არა, მაგრამ დე ფაქტოდ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი სამარცხვინო კაცი წარმოადგენს, ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მის ნაცვლად ძალიან შემრცხვა...

- ზვიად, იმედის მომცემს რას ხედავ ამ რეალობაში, რა გიღვივებს iიმის იმედს, რომ ამაოდ არ ჩაივლის თქვენი და სხვა "განწირულის სულისკვეთება"?

- უკანასკნელი 3000 წელია ასე ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა (ნუ მცირე გამონაკლისების გარდა), ასე რომ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვერ გადავშენდებით, ჩვენ ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში მაინც ვერთიანდებით ხოლმე.

- ზვიად, შენი აზრით, რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება საზოგადოების, ევროპარლამენტარების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვათა მოთხოვნას პოლიტიკურ და სინდისის პატიმრების გათავისუფლების შესახებ?

- იმიტომ, რომ აქვს ამის "ფუფუნება“ არ გაითვალისწინოს და შესაბამისი პასუხის - სანქციის გამცემიც არავინ ჰყავს.

- როგორია შენი პოზიცია სინდისის პატიმრების შეწყალებაზე?

- ჩემი ქმედებები არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი - ყაველაშვილის). იმავე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის.

P.S.

პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ახლა ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს.

"პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში (მათ შორის - კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ - წერს ზვიად ცეცხლაძე.