73 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ამერიკელმა მომღერალმა ერთა კიტმა საახალწლო სიმღერა "სანტა ბეიბი“ შეასრულა. 22 წლის ფილიპ სპრინგერი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი დაწერილი მუსიკა, რომელიც აგვისტოს მცხუნვარე დღეებში შექმნა, საახალწლო ჰიტი გახდებოდა და დროთა ჟამთასვლას გაუძლებდა. დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საახალწლო სამზადისის პერიოდში "სანტა ბეიბის" ჰანგები ისმის, უკვე 100 წლის კომპოზიტორი კი კვლავ ყოველდღიურად უკრავს და მუსიკას კვლავ ქმნის. მისი შემოქმედება 550-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის. 23 ივნისს ჰოლივუდში ფილიპ სპრინგერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, ფილმი სახელწოდებით "More Than Santa Baby" უკვე აქტიურად მონაწილეობს ფესტივალებში და უკვე დამსახურებული ჯილდოების მფლობელიც გახდა. ქართველი საზოგადოებისთვის კი გამორჩეულია იმით, რომ ფილმში მცირე ნაწილი საქართველოსაც ეთმობა. მასში ამ ლეგენდარულ სიმღერაზე ამ სტატიის ავტორი - ნინო წიფურია საუბრობს. როგორ მოხვდა ჰოლივუდის ლეგენდად წოდებული კომპოზიტორის შესახებ ფილმში საქართველო, ამის შესახებ თავად ფილმის რეჟისორი ფილიპ სპრინგერის შვილი - თამარ სპრინგერი გიამბობთ.
![]()
- ერთ დღეს ვათვალიერებდი მამაჩემის - ფილიპ სპრინგერის ნივთებს, ჩანაწერებს, ფოტოებსა და დოკუმენტურ მასალას, მინდოდა მისი კარიერის არქივის შექმნა. იმდენ საინტერესო ისტორიას წავაწყდი არქივში ქექვისას, რომ გავიფიქრე - ეს ხომ უკვე დოკუმენტური ფილმია - მეთქი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დადგა დრო გადამეღო ფილმი მამაჩემზე- "Santa Baby“-ს კომპოზიტორ ფილიპ სპრინგერზე, მის ცხოვრებაზე, კარიერასა და მუსიკაზე. ძალიან მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა მამაჩემის უზარმაზარი მუსიკალური მემკვიდრეობა და მისი საოცარი გზა მუსიკის ინდუსტრიაში - 1940-იანი წლებიდან დაწყებული, 1970-იანი წლების ჰოლივუდამდე და მის შემდგომ პერიოდამდე, როდესაც კარიერის ყველაზე წარმატებულ ეტაპს მიაღწია. მამაჩემის მუსიკა ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. მთელი ჩემი ბავშვობისა და ცხოვრების განმავლობაში ვხედავდი ადამიანს, რომელიც მუდმივად იბრძოდა, რომ მის ლამაზ მუსიკას დამსახურებული დაფასება მოეპოვებინა. მას ყოველთვის სურდა, რომ მისი შემოქმედების აღიარება მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი საშობაო ჰიტით არ შემოფარგლულიყო. წლების განმავლობაში ვგრძნობდი მის გულდაწყვეტას, ამიტომ ვიფიქრე, დრო იყო, მისი მუსიკა სამყაროს სრულად გაეცნო. ფილიპის ისტორია გასართობი და შთამბეჭდავი მოგზაურობაა მე-20 საუკუნის მუსიკის სამყაროში. ფილმი მოგვითხრობს თითქმის ერთი საუკუნის მუსიკალურ ისტორიას და ეძღვნება მამაჩემის 80-წლიან კარიერას. დოკუმენტური ფილმის მთავარი მესიჯია: "არასდროს არის გვიან.“
- საქართველო საოცარი და სრულიად მოულოდნელი გზით აღმოვაჩინე. 2020 წლის ნოემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მამაჩემი ბეთჰოვენის "მთვარის სონატას“ ასრულება, რომელიც მან ჩემს დაბადების დღეზე მომიძღვნა. ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სწორედ ამის შემდეგ საქართველოდან დამიკავშირდა ჟურნალისტი ნინო წიფურია, რომელმაც მამაჩემთან ინტერვიუს აღება ითხოვა. ინტერვიუს იდეა ნინოს დედას ეკუთვნოდა - მასაც, ჩემსავით, 14 ნოემბერს აქვს დაბადების დღე და შემთხვევით "ფეისბუქზე" უნახავს ფილიპ სპრინგერის მიერ შესრულებული "მთვარის სონატა“. ალბათ, ეს ბედნიერი დამთხვევა იყო. ნინომ, რა თქმა უნდა, ინტერვიუ აიღო ფილიპისგან, თუმცა ეს უბრალო ჟურნალისტური საუბარი არ ყოფილა - ეს ჩვენი ულამაზესი მეგობრობის დასაწყისი გახდა. ნინო უაღრესად შემოქმედებითი და გულთბილი ადამიანია და ძალიან გამიმართლა, რომ მას ვიცნობ. სწორედ მისი მეშვეობით გავიცანი საქართველო - ქვეყანა, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაამრავალფეროვნა და გაანათა. ჩემი მხრიდან ორჭოფობას ადგილი არ ჰქონია, რომ თბილისს, საქართველოს ფილმში განსაკუთრებული ადგილი უნდა ჰქონოდა - ისევე განუყოფელი, როგორც საშობაო ტრადიცია - "Santa Baby“-ის ჰიტია. როდესაც პირველად ვისაუბრეთ მე და ნინომ , ის დიდი სითბოთი და გულწრფელი ინტერესით მოეკიდა მამაჩემის ცხოვრებას, მუსიკალურ მემკვიდრეობას და ასეთი ფრაზა თქვა საუბარში: "თამარ, საქართველოში ახალი წელი ‘Santa Baby’-ს გარეშე წარმოუდგენელია“. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ გახდა ჩემთვის ნათელი, რომ განგებამ თავად განსაზღვრა თბილისი, საქართველო, ჩემი დოკუმენტური ფილმის ნაწილად ქცეულიყო. ფილმი, რომელიც მამაჩემის ცხოვრებასა და მუსიკალურ გზას ეძღვნება, ბევრად სცდება მხოლოდ ერთ, თუნდაც მსოფლიო მასშტაბით ცნობილ სიმღერას.