ავტორი:

ყველაფერი დონბასისა და კიდევ რამდენიმე პუნქტის გარდა - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში: “პუტინს ეს სურს, მან ეს ძალიან მკაფიოდ მითხრა...“

ყველაფერი დონბასისა და კიდევ რამდენიმე პუნქტის გარდა - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში: “პუტინს ეს სურს, მან ეს ძალიან მკაფიოდ მითხრა...“

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფლორიდაში გამართული სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთთან მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს. თუმცა მთავარი საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა: პუტინს დონბასი უნდა, ზელენსკი ამას ეწინააღმდეგება, თავად ტრამპი კი შეთანხმების მიღწევას დაჟინებით ითხოვს.

ამჯერად ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები რამდენიმე კვირიან ვადაზე საუბრობენ, რის შემდეგაც სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები ბევრად უფრო მკაფიო გახდება.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ ეს “წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღე იქნებოდა და რომ ბევრი რამ შეიძლება ახალ წლამდე გადაწყვეტილიყო“

ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის კერძო რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ტრამპის შეფასებით, შეხვედრა “შესანიშნავად წარიმართა და ამ ბრწყინვალე საუბარმა, მნიშვნელოვნად მოაახლოვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თარიღი“

  • ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკვე ახლოს არის და მხარეებმა პირობების დაახლოებით 95% შეათანხმეს. თუმცა აქვე დაამატა, რომ გადაუჭრელი დარჩა მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის დონბასის რეგიონები.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით “დონბასის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია“ თუმცა მხარეები აქაც შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ დონბასის საკითხი კვლავ უკიდურესად აქტუალურია და უკრაინის პოზიცია ამ თემაზე “ცხადია რუსეთის პოზიციისგან განსხვავდება“. თუმცა როგორც მან დაამატა, “მტკიცე მშვიდობის მიღწევის გზაზე უკრაინისთვის საკვანძო ეტაპს, უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს და არა ტერიტორიული საკითხი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად განხილული სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერი პუნქტი შეიძლება როგორც რეფერენდუმზე, ისე ქვეყნის პარლამენტში იქნას გატანილი განხილვაზე.

თავის მხრივ ტრამპი კვლავ დაჟინებით ამტკიცებს, რომ ტერიტორიებზე შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს “უკრაინამ დიდი სიმამაცე გამოავლინა და უზარმაზარი ზიანი მიაყენა მტერს, მაგრამ კონფლიქტს დროა წერტილი დაესვას,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რამდენად მალე შეიძლება ომი დასრულდეს, ტრამპმა უპასუხა რომ სიტუაციას ნათელი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მოეფინება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სავსებით შესაძლებელია სამმხრივი შეხვედრა უკვე აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით შედგეს: “პუტინს ეს სურს. მან ეს ძალიან მკაფიოდ მითხრა და მე მას ვენდობი,“ - დაამატა მან.

  • დონბასი - და „დაუყოვნებლივ...“

რუსეთი დონბასის რეგიონების კუთვნილების საკითხს მისთვის მთავარ თემად მიიჩნევს. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი პოზიცია დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა, რომელიც იმავე დღეს, ზელენსკისთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა.

პუტინმა ტრამპს მოუწოდა, ორი ლიდერის შორის, ანკორიჯში მიღწეულ “ურთიერთგაგებას“ პოლიტიკას დაჰყრდნობოდა, მისმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა კი რუსეთის მხარის მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა და კიევს “დონბასთან დაკავშირებით, გაბედული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა “

ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ევროპის ლიდერებმაც.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა რომ “ევროპა მზად არის გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესი განმტკიცდეს და ამ ძალისხმევაში მთავარია, პირველივე დღიდან რკინისებრი უსაფრთხოების გარანტიები არსებობდეს “

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პრესმდივანმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ვიდეოკონფერენციაში, განაცხადა, რომ სტარმერმა და ევროპელმა ლიდერებმა “ხაზი გაუსვეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ განაცხადეს ამ ბარბაროსული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობის შესახებ.”

წყარო

იხილეთ ასევე: