“კიევმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„2025 წლის 28-29 დეკემბრის ღამეს კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე შორ მანძილზე მოქმედი 91 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა და „მსგავსი წინდაუხედავი თავდასხმა პასუხის გარეშე არ დარჩება“.
ასევე, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“.
„იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“, - აღნიშნა ლავროვმა.
„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ ტრამპთან შეხვედრა გვქონდა და თუ ამერიკასთან სკანდალი არ გვაქვს და პროგრესს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს წარუმატებლობას ნიშნავს, რადგან, მათ ამ ომის დასრულება არ სურთ“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს.
„ყველა ფხიზლად უნდა იყოს. შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს“, - აღნიშნავს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.