რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კმ-იან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კმ-ის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კმ-ი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის 1 კმ-ი და 362 მეტრი.
“ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს.
პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი, ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო; საინჟინრო-გეოლოგიური თუ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ადასტურებს ციფრებიც - აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“ეს არის პროექტზე მეტი - ამ პროექტმა შექმნა სამუშაო ადგილები. 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის, უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები. ამ პროექტში იყო ჩართული ათასობით პროფესიონალი და თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ისინი არიან ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მშენებლები, თითოეული მათგანი იმსახურებს ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ მადლიერებას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს. რომ არა მათი დაუღალავი შრომა, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მადლობა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის, მადლობა მსოფლიო ბანკს და მადლობა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. სწორედ მათი თანამონაწილეობის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ პროექტის სათანადოდ განხორცილება", - განაცხადა პრემიერმა.