ავტორი:

"ხშირად მესმის ჩინოვნიკებისგან, რომ "ვიღაც მსახიობებმა არ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ბედი"... ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული თეატრი ყველაზე ადეკვატურია" - ლევან წულაძის "სახალხო ინტერვიუ"

"ხშირად მესმის ჩინოვნიკებისგან, რომ "ვიღაც მსახიობებმა არ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ბედი"... ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული თეატრი ყველაზე ადეკვატურია" - ლევან წულაძის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია რეჟისორი ლევან წულაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნინო:

_ ჩემთვის დაუვიწყარია თქვენი შექმნილი "თეატრალური სარდაფი" - ეს იყო ნათელი წერტილი 90-იანი წლების თბილისში... გაიხსენეთ ის ეტაპი და აქვე თუ რა იყო ის პერიოდი თქვენს კარიერაში?

- "სარდაფის“ პერიოდი იყო ყველაზე შესანიშნავი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც მეუბნებიან, ვინც იქ ვიყავით. „სარდაფი“ არც ჩემი და არც სხვისი არ იყო, ის თანამოაზრე ადამიანების ჯგუფის გახლდათ. კარი ღია გვქონდა და ყველა იქ შემოსული ადამიანი „სარდაფერლი“ ხდებოდა. რაღაც ასეთი ამქრული სიხარული არსებობდა... რემონტი რომ დავიწყეთ, ჯერ არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა, მოპარული ჩაქუჩით ვმუშაობდით, რადგან ინსტრუმენტები არ გვქონდა. მერე რაღაცებს გვჩუქნიდნენ, ზემოთ გარაჟი იყო და ნელ-ნელა ვაკეთებდით. მახსოვს ჩემმა პლეხანოველმა მეგობრებმა 2 მანქანა ხრეში მაჩუქეს, ვიღაცამ ცემენტი მაჩუქა, ვიღაც სპონსორი იყო. პირველი სპონსორი მფრინავი ჯამბაზიშვილი გახლდათ, რომელმაც გათბობა შეგვიძინა. დღე და ღამე ვმუშაობდით, ახალგაზრდები ვიყავით, მხიარულები, არ ვიღლებოდით... ისიც მახსოვს, რომ ჩვენთან ვიღაც ხალხი ღამე მოდიოდა, ძირითადად იქვე მაცხოვრებლები, - გამოსაცვლელი ტანსაცმლით მოჰქონდათ, გამოცვლიდნენ და ბეტონის მოზელაში გვეხმარებოდნენ. მადლობას გადავუხდიდით და მერე მიდიოდნენ. ასეთი არაჩვეულებრივი ქალაქი იყო თბილისი, ახლა არ ვიცი, ასე ხდება თუ არა, მაშინ ხდებოდა.

ლიკა:

- "თეატრი-სახელოსნო 42" თქვენი მერამდენე "შვილი" და სიყვარულია? რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი თეატრით?

- უკანასკნელი შვილი არ უნდა თქვა იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა მოხდება... არ ვიცი, ალბათ მეოთხე თუ მეხუთე თეატრია, რომელსაც მეგობრებთან ერთად თავიდან ვიწყებ. თეატრი მარტოს არასდროს გამიკეთებია. „42 თეატრი“ ძალიან კარგი გოგოა, გადავწყვიტე, რომ მდედრობითი სქესისაა. მიყვარს იქაურობა, თავისუფლებას ვგრძნობ. ეს ისეთივე განცდაა, როგორც გემის კაპიტნობა. როდესაც კომპანიაზე მუშაობ, იქ პატრონი, დამკვეთი გყავს. ასეთ დროს კი ხარ მეკობრე და ქარი საითაც დაუბერავს, შენს გემს იქით წაიყვან. ერთადერთი, პასუხისმგებელი ხარ შენი მეზღვაურების წინაშე, გემი არ უნდა დაღუპო და სწორი გზით ატარო. ეს ბედნიერებაა და ძალიან დიდი სიხარული, სასურველი, საინტერესო და შესაშური.

ბექა:

- რაც ვიცი, სულ მუშაობთ. როდის და როგორ ისვენებთ?

- მართალი ბრძანდებით. თითქმის სულ ვმუშაობ და არ ვიცი დასვენება. არ ვარ დასვენებისკენ მიდრეკილი ადამიანი. მიყვარს დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღით წასვლა, - ეს არის ჩემთვის არაჩვეულებრივი რამ ცოტა ხნით რომ მოწყდები თბილისის რიტმს. აქ, ამ გარემოში ვერ წყდები რეპეტიციებისა და ფიქრების წყებას, - ამ ყველაფერს ვერ წყვეტ. დასავლეთ საქართველოში თუ წავალ, საიდანაც ვარ წარმოშობით, იქაური ემოციები, ის 4-5 დღე თეატრს ცოტა ხნით გადაყლაპავს ხოლმე. ბოლო ორი წელი რაჭაში ონისე ონიანთან ვიყავი. კარგი მასპინძელია, გივლის, ზრუნვა არ ეზარება და კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე. გარშემოც კარგი ხალხია და შესანიშნავი ბუნება. ამაზე მეტი დასვენება ჩემთვის ზედმეტია, მერე უკან დაბრუნება მიჭირს.

სანდრო:

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვეღარ იდგმება ისეთი სპექტაკლები, როგორიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში?

- არასწორი ფორმულირებაა. ყველა დროს და ეპოქას აქვს თავისი ესთეტიკა. მაშინ თეატრი იყო სხვა ხასიათის. თეატრს აქვს უნარი, შეიცვალოს პროფესია. ზოგჯერ ექიმია, ზოგჯერ რევოლუციონერი, განგსტერი, დისიდენტი, მეზობელი, დედამთილი, სიდედრი, ზოგჯერ კიდევ რა და რა... ყველა დროს სჭირდება თავის თეატრი. მაშინ იდგმებოდა ისე, როგორც საჭირო იყო და ახლა იდგმება ისე, როგორ საჭიროა. საქმე იმაშია, ვის როგორ მოსწონს. თქვენ მოგწონთ იმდროინდელი სპექტაკლები იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყავით. მეც მომწონს ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი, რა თქმა უნდა, არ მომწონს საბჭოთა კავშირი. ის დრო იმიტომ მიყვარს, რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, გამხდარი და არ ვიღლებოდი. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ არ იდგმება ისე, როგორც იდგმებოდა. რა თქმა უნდა, თეატრის გავლენა და ძალა შესუსტდა, მაშინ შეიძლება ნაკლები კონკურენტი ჰყავდა თეატრს, თუმცა მაინც ჰყავდა... დღეს ყველაფერს ჰყავს კონკურენტი - მულტიმედიის და სოციალური მედიის სახით... საერთოდ რაც თავი მახსოვს, თეატრი სულ იკეტებოდა, ჯერ კიდევ საბერძნეთიდან დაწყებული. ბერძნული თეატრი გადაიქცა იაფფასიან კომედიებად და მერე პორნოგრაფიულ სანახაობად. რომში კი საერთოდ გლადიატორების ასპარეზობად... მოკლედ სულ იყო თეატრის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, მაგრამ ის მაინც რჩებოდა, რადგან მას აქვს უნარი, მისთვის თითქოს ანაქრონიზმი გადააქციოს საკუთარ მოკავშირედ. ის მულტიმედიასაც გადააქცევს საკუთარ სალაპარაკო საშუალებად. თეატრი ძალიან დემოკრატიული ორგანიზმია, - ყველაფერს ისრუტავს და ერთმანეთთან აკავშირებს.

უცნობი:

- ბატონო ლევან, ხვალ რომ პრემიერი გახდეთ, დაასახელეთ პირველი 3 რეფორმა, რომელსაც თქვენ განახორციელებდით...

- ეს იქნება კიდევ დიდი გაუგებრობა, ვიდრე აქამდე გვქონია. მე რომ პრემიერ მინისტრი გავხდე, კვირაში ერთხელ თეატრში სიარულს როგორც სამხედრო ვალდებულებას შემოვიტანდი. იმას, რომ იქ აღნიშვნებიც გაეკეთებინათ, რომ ნამყოფები არიან. გაცდენა გამორიცხული იქნებოდა, - რა ვიცი, ბევრ სისულელეს გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, იქიდან 2 კვირაში კივილ-წივილით გამაგდებდნენ და მეც სიხარულით წავიდოდი, რადგან პოლიტიკა არის პირდაპირ მტრული წარმონაქმნი... შესანიშნავი მხატვარი შაგალი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა, წარმოშობით ბელორუსი რევოლუციის მერე წითელ კომისრად დანიშნეს. ძალიან მოეწონა ეს ამბავი, იპოვა საწყობში ბევრი წითელი საღებავი და ვიტებსკის ორი მთავარი ქუჩა წითლად გადაღება. ხალხმა ერთი კვირა წითელ ქუჩას უყურა, უყურა და გული გაუსკდათ. შაგალი გააგდეს არა მარტო იმ თანამდებობიდან, ქვეყნიდანაც. ღირსიც იყო, რადგან არ შეიძლება ხელოვანის დანიშვნა პოლიტიკურ თანამდებობაზე. საერთოდ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსების ნაკლებობა გვაქვს. ხან მღებავი ხდება პოლიტიკოსი, ხან - მკერავი, ხან უბრალოდ ადამიანი.

ნინა:

- ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებში სულ უფრო ექცევა, საზოგადოება იბრძვის თავისუფლებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ... როგორც თავისუფლების მოყვარული ადამიანისა და რეჟისორისთვის, რამდენად საინტერესო და სახიფათოა ეს პროცესი? საზოგადოების შეზღუდვის ეს მზარდი მცდელობა, მალე თეატრებამდეც მოაღწევს, თუ უკვე მოაღწია?

- ამ ყველა პროცესმა, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება, არა თუ მოაღწია თეატრამდე, მეჩვენება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში თეატრი ამ მოვლენების ავანგარდში მოექცა. ახლაც ასეა, რადგან ყოველთვის მოწყვლადი და სისტემაზე დამოკიდებული სტრუქტურა იყო. მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები დამოუკიდებლები არიან, მათ შეუძლიათ, ცალკეც იმუშაონ. თეატრი კი გუნდურია და ამიტომ ცოტა რთულია, ყველა ერთად წავიდეს რაღაცის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენებში მონაწილეობას დემოკრატიისთვის ბრძოლას დავარქმევდი. ხშირად მესმის ჩინოვნიკების ლაპარაკი, რომ „ვიღაც მსახიობებმა“ არ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ბედი. ეს ძალიან მიხარია, კარგია, რადგან მსახიობები ამ საქმეში პრევალირებენ და ავანგარდში რომ ვდგავართ. ხელოვნება უნდა იყოს დისიდენტური. ამის გარეშე ის ჰიმნოგრაფიად გადაიქცევა. ხელოვნებამ უნდა ეძებოს წინააღმდეგობა, კონფლიქტი არის ხელოვნების არსი. ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული თეატრი ყველაზე ადეკვატურია.

ნია:

- ახალი წელი ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია. მაინტერესებს როგორია თქვენი დღესასწაული, თუ გაქვთ რამე განსაკუთრებული ტრადიცია?

- ჩემთვის ახალი წელი გამოიხატება ერთი სიტყვით - საცივი... საცივი ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მარტო როგორც საკვები, ყველაზე დიდი რიტუალია. ეს ბავშვობიდან ჩემთვის მთავარი იყო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემი, დედაჩემი, კიდევ ნათესავები ჩამოდიოდნენ, ცოტა დიდი სამზარეულო გვქონდა, სადაც იკეტებოდნენ. იქ არავის შესვლა არ შეიძლებოდა. მე რადგან პატარა ვიყავი, მქონდა უფლება, სამზარეულოში შევეშვით, სადაც მთელ ღამეს ათენებდნენ - მართლა ჯადოქრობა ხდებოდა. თუ ვიღაც სანტა-კლაუსს ელოდა, მე ველოდებოდი საცივის გასინჯვას. ეს იყო მთელი ჩემი ჯადოსნური ამბავი. ჯადოქრობა იყო ის სურნელიც, რაც სამზარეულოდან ნელ-ნელა გამოდიოდა. იქვე გოზინაყიც კეთდებოდა და ამ დამალულ, დაფარულ, დაკეტილ, საიდუმლოს მიღმა შეღწევის უფლება მხოლოდ მე ჰქონდა, რომ ზოგჯერ იმ ჯადოსნური, საიდუმლო ფარდის მიღმა შემჭვრიტა...

ის ამბავი დღემდე ჩემთვის ყველაზე დიდი ჯადოქრობად დარჩა. მაგრამ ღმერთმა არ დამჩაგრა და ჩემს მეუღლეს საცივის გაკეთების უზარმაზარი უნარი აღმოაჩნდა და გააგრძელა ჩვენი და საკუთარი ოჯახის ტრადიცია. შარშან ჩემი ქალიშვილის მიერ მოხდა ასეთი ახალი ინიციატივა - მანანა ახალ წელს გერმანიაში იყო და საცივის გაკეთება ჩემს ქალიშვილს მოუწია. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ არაჩვეულებრივი გამოვიდა და მივხვდი, რომ ჩემი გოგო შარშან, ახალ წელს დაიბადა როგორც ქართველი ქალი. საცივი მიტინგზე წავიღე. კარგი მოფიქრება იყო, ყველა ქუჩაში შევხდეთო. საცივი ყველას გავასინჯე, ვინც არ შეაქო, ყველა მახსოვს და ადრე თუ გვიან გადავუხდი სამაგიეროს... არა, ყველამ შეაქო, ვხუმრობ.

ლიკა:

- როგორ აფასებთ უკვე გასულ 2025 წელს და რას ისურვებდით 2026 წელს?

- პირველ რიგში ვისურვებდი ჩემი ქვეყნის ბედნიერებას. იმიტომ, რომ თუ რამე დაგვრჩა საზრუნავი ქართველებს აქ, ამ ქვენაში, არის ჩვენი ქვეყნის ბედნიერება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერების გამო. ჩვენი ბედნიერება მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ვხედავთ, რომ სამყარო ამოტრიალებულია, - საშინელი წელი იყო და ურთულესი აღმოჩნდა პლანეტისთვის. თეთრი გახდა შავი და შავი გახდა თეთრი. ღირებულებები იცვლება. მარტო ომს არ ვგულისხმობ, ადამიანის გონებაში იცვლება სიკეთის და ბოროტების მოცემულობები. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია და ვისურვებდი, შემდეგ წელიწადში ეს ყველაფერი დამთავრებულიყოს, ამისთვის წერტილი დაგვესვას. გარკვეულიყოს პლანეტა საით მიდის, რა უნდა. მთელმა ქვეყანამ კი იქ, ახალ წესრიგში ვიპოვოთ ჩვენი თავი და ადგილი. ახალი რომ იქნება ყველაფერი, ამაში დარწმუნებული ვარ. როგორც ადრე იყო, ის არ განმეორდება. ამიტომ ახალ სამყაროში უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი და ჩვენი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ვიპოვით კიდეც - ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ჩაივლის და ისევ დავუბრუნდებით სოლომონის ბეჭედზე არსებულ შესანიშნავ წარწერას - „ყველაფერი ჩაივლის, ესეც კი“. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თანამემამულეებო გილოცავთ ახალ წელს. ვულოცავ ასევე მთელი სამყაროს კაცობრიობას. ბედნიერება, სიკეთე, სიმშვიდე და კარგი საცივი გამოგსვლოდეთ წელს!