ავტორი:

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს: მოთოვს თუ არა - პროგნოზი 3 იანვრამდე

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს: მოთოვს თუ არა - პროგნოზი 3 იანვრამდე

საახალწლო სამზადისის პარალელურად, ყველაზე აქტუალური კითხვა ამინდს ეხება: მოვა თუ არა თოვლი 31 დეკემბრის ღამეს? AMBEBI.GE დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მომდევნო დღეების მოსალოდნელ პროგნოზზე.

როგორც ირკვევა, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნამდვილი ზამთრის იდილიაა მოსალოდნელი, ზოგან კი ნალექი შერეული სახით მოვა.

დასავლეთ საქართველო: თოვლი და თოვლჭყაპი

დღევანდელი მდგომარეობით უკვე ვიცით, რა სიტუაციაც არის - დასავლეთ საქართველოში ყველგან თოვს, ზოგან თოვლჭყაპია, ზოგან წვიმა, ხოლო მაღალ მთებში ინტენსიურად თოვს. საღამოსკენ ეს სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდება და ასე გაგრძელდება ხვალ დღის პირველ ნახევრამდე.

რაც შეეხება 31 დეკემბრის საღამოს, დასავლეთ საქართველოში კვლავ განახლდება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში და მაღალ მთაში ნამდვილად თოვლი იქნება. ჩვენი ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში ახალი წლის ღამეს უმეტეს რაიონში ნალექი ძირითადად თოვლის სახით მოვა. სანაპირო რაიონებში შესაძლოა ზოგან თოვლჭყაპი იყოს, ზოგან თოვლს ურევდეს, ზოგან კი წვიმის სახით მოვიდეს - ანუ შერეული ნალექია მოსალოდნელი. დანარჩენ რაიონებში - დაბლობში, მთასა და მაღალ მთაში - ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება.

აღმოსავლეთ საქართველო და თბილისი

ახლა გადავიდეთ აღმოსავლეთ საქართველოზე. შიდა ქართლში მოსალოდნელია თოვლი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ, 31 დეკემბერს, დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპი, რომელიც შემდეგ შეწყდება.

ახალი წლის ღამეს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, უკვე 1 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ველოდებით ნალექს თოვლჭყაპის სახით. ხოლო როდესაც პირველი იანვარი დაღამდება - ბედობის ღამეს - თოვლს ვვარაუდობთ როგორც თბილისში, ისე კახეთის რეგიონში.

ზოგადად, 3 იანვრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაზუსტებული ინფორმაციით, ნახეთ, იქნება თუ არა ყინვა ქვეყნის მასშტაბით 31დეკემბერი-2 იანვრის ჩათვლით:

  • თბილისი: ღამით 0, -2°C; დღისით +2, +4°C.
  • სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღამით 0, +2°C; დღისით +5, +7°C.
  • დასავლეთ საქართველოს დაბლობი (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი...): ღამით 0, -2°C; დღისით +4, +6°C.
  • დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ამბროლაური, ონი, საჩხერე...): ღამით -5, -7°C; დღისით 0, -2°C.
  • დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (მესტია, ბახმარო): ღამით -8, -10°C; დღისით -3, -5°C.
  • ქართლი (რუსთავი, გორი, მარნეული...): ღამით -2, -4°C (შიდა ქართლში -7, -9°C); დღისით +2, +4°C.
  • კახეთი (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი...): ღამით -3, -5°C; დღისით +2, +4°C.
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი...): ღამით -10, -12°C; დღისით 0, -2°C.
  • აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (გუდაური, ბაკურიანი...): ღამით -13, -15°C; დღისით -3, -5°C.