თამარ ტყემალაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, არაერთ საინტერესო სპექტაკლში აქვს ნათამაშევი. ამასთან ჩვენში არსებულ თეატრები სცენებზეც აქვს ძალები მოსინჯული... უზომოდ უყვარს თავისი პროფესია... მასობრივად პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გახდა, ფართო მაყურებელმა იქიდან გაიცნო. მრავალშვილიანი ქალის როლი ჰქონდა, რომლის პერსონაჟი მაყურებლის რისხვას ვერ ასცდა, თუმცა ამ ყველაფერმა პოპულარობა მოუტანა.
რას საქმიანობს ახლა თამარ ტყემალაძე, რატომ გახდა მსახიობი და როგორი საახალწლო განწყობა აქვს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ ტყემალაძე:
- ბებია მიყვებოდა, პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის თოჯინების თეატრს ვაწყობდი, რაღაცას გავაბამდი, რასაც ფარდის დატვირთვა ჰქონდა და თოჯინებს „ვალაპარაკებდი“... არ ვიცი, ალბათ ამან ბევრი რამ განსაზღვრა... სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ყოველთვის მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და ამასთან კარგი მსახიობი.
- ვინ იყო თქვენი საყვარელი მსახიობი?
- მე და ჩემი თაობა 90-იანელებად ვითვლებით. თავიდან დიდ დოზით იყო ის ფილმები, რასაც იმ პერიოდში ტელევიზიით აჩვენებდნენ და მერე 2000-იანი წლებიდან ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ ჰოლივუდის მსახიობები. ჩემი თინეიჯერობა დიკაპრიოს და მის თაობას, მათ ფილმებს დაემთხვა, რაზეც შეგვეძლო ღამე გაგვეთენებინა... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გოგი გვახარიას, რომ იმ დროისთვის ისეთ არაჩვეულებრივ გადაცემაზე მუშაობდა, როგორიც „ფსიქო“ იყო, რასაც აქტიურად ვუყურებდით. იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც ჩემს მშობლებსაც კი არ ჰქონდათ ნანახი. ისინი თუ ამა თუ იმ ფილმის ყურების ნებართვას არ მომცემდნენ, მერე ჩუმად ფილმის გარჩევას მაინც ვუყურებდი ხოლმე... ხელოვნების მიმართ თავიდანვე დიდი ინტერესი მქონდა და ოჯახშიც ამ ყველაფერს დიდად აფასებდნენ.

- მიზანს ადვილად მიაღწიეთ?
- კი, ზედმეტი ძალისხმევა არ გახდა საჭირო. იმდენად ბავშვურად, გულწრფელად და ლაღად მივუდექი „თეატრალურში“ გამოცდების ჩაბარებას, რომ რაღაც დიდი სირთულესთან არ ყოფილა დაკავშირებული. ძირითადად ასეა - როცა ბავშვი ხარ, ლაღი ხარ, რაღაცებზე არ ფიქრობ... მოკლედ, ჩემით მივედი, დედა გამომყვა და გამოვიდა, რომ ჩავაბარე. მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა და ამას მათგან სულ ვგრძნობდი. „თეატრალურში“ სხვა სასწავლებლებთან შედარებით გამოცდები ყოველთვის ადრე იყო. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ამიტომ მამამ მითხრა, ჯერ იქ გადი და მერე საბუთები უნივერსიტეტში შეიტანე. თუ „თეატრალურში“ არაფერი გამოგივა, უნივერსიტეტში ჩააბარებო. სადღაც ალბათ ეგონა, რომ „თეატრალურში“ არაფერი გამომივიდოდა. მოკლედ, დიპლომატიურად მომიდგა. როცა ჩავაბარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ამაყი იყო და ძალიან გაუხარდა.

- თავად რამდენად კმაყოფილ ხართ არჩეული პროფესიით? მსახიობები ხშირად ამბობენ, რომ რეჟისორზე დამოკიდებულები ვართ და ისინი ხშირად სათანადოდ ვერ გვიყენებენო...
- ნამდვილად დამოკიდებული პროფესიაა, მაგრამ ხანდახან ეგ მსახიობებისგან თავის მართლებაც არის. საერთოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი და მხოლოდ მსახიობებს არ ახასიათებთ, - თუ იქ ხარ და იმ ადგილას, ან რამე თუ არ გამოგივიდა, ეს იმის ბრალია, რომ რაღაც დაგაკლეს. კი, დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ მომენტში მე დავაკელი ჩემს საქმეს და კარგად იმიტომ არ გამოვიდა. ოდნავ თუ მოდუნდები, რაღაცას დააკლებ, მიხვდები, რომ რაღაც დააკელი, ცოტა იზარმაცე, კარგად არ მოეპყარი და შედეგიც ადეკვატურია. ნამდვილად დამოკიდებული პროფესიაა, ყველა მსახიობს ვუსურვებ, განსაკუთრებულად კარგ გარემოსა და სამუშაო ატმოსფეროში მოხვედრას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ბევრი ნიუანსი და დეტალია, რაც მსახიობებისთვის ცოტა ინტიმური საკითხებია. რეალურად კი მაინც ვფიქრობ, მეტად განვითარებისთვის იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. საბოლო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბეწვის ხიდზეა გასავლელი და ეს რაღაც-რაღაცები ჩვენი გასავლელია. გარკვეულ ეტაპზე თვითონაც უნდა მიხვდე რაღაცებს და ანალიზი გაუკეთო...
- მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ხართ, სხვადასხვა თეატრში გაქვთ ნათამაშევი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნადი მსახიობი ხართ?
- არ ვიცი, მოთხოვნადი ვარ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ვცდილობ, გამოწვევები მივიღო, მოვსინჯო, ვნახო, გამოვცადო, ეს ყოველთვის საინტერესოა. ჩემი საყვარელი თეატრიდან, მოზარმაყურებელთა თეატრიდან გასვლა და სხვაგან თამაში კიდევ ახლი ახალი ძალიან საინტერესო თავგადასავალია.
- ერთ-ერთი გამოწვევა ალბათ პოპულარულ სერიალში თამაში იყო. რა მოგიტანათ "დაქალებში" ეკას როლმა და თქვენს კარიერაში რა ადგილი დაიკავა ამ ნამუშევარმა?
- იმ პერიოდს ძალიან ტკბილად და თბილად ვიხსენებ. ჩემთვის საინტერესო სამუშაო და გარემო იყო. საინტერესო მსახიობებთან გადასაღებ მოედანზე მომიწია ყოფნა. ესენი იყვნენ - ბაიკო დვალიშვილი, ბესო მეგრელიშვილი, გიორგი სვანიძე - ჩემს მეუღლეს თამაშობდა, ასევე პატარა ბავშვები, ვინც ჩემს შვილებს თამაშობდნენ. გარდა ამისა, საოცარი შემოქმედებითი გუნდი იყო. რა მომიტანა და პოპულარობა. არ მეგონა, რომ ეს პერსონაჟი ამდენი წლის განმავლობაში სერიალში დარჩებოდა. თავიდან ეპიზოდი იყო, რაც გავიდა, რასაც შემდეგ მაყურებლის რეაქცია-განხილვა მოჰყვა, ძირითადად მლანძღავდნენ.

- თუ გლანძღავენ ე.ი. ამოცანა შესრულებულია - როლი დამაჯერებელი იყო..
- ეტყობა, მაგრამ ამაზე მაშინ ძალიან ვინერვიულე. მერე უკვე მომწონდა, ასეთ კომენტარებს რომ წერდნენ და პერსონაჟთან მაიგივებდნენ. ქუჩაში ვინმე რომ შემხვდებოდა, თბილად რომ გავუღიმებდი, - „ღმერთო, შენ რა, იღიმი?!“ ზოგი მეუბნებოდა, - „მეც ასე ვარ და შენ გამართლებ“, „შენ ცუდი ქმარი გყავს, თორემ კარგი გოგო ხარ“ - ამის მოსმენა იცით, როგორ მიხაროდა?!.
- რეალურად როგორი გოგო იყო ეკა?
- ალბათ არ იყო ცუდი, მაგრამ სიდუხჭირემ, ბევრმა ბავშვმა, ჩაკეტა, იმ გასაჭირში მოექცა და მოჯადოებული წრიდან ვეღარ გამოდიოდა, თავის პრობლემებში იხარშებოდა. ასეთი ადამიანი მაშინაც ბევრი იყო და დღესაც ბევრია. უფრო ხშირი გადაღება ბაიკოსთან მქონდა. როგორც შესანიშნავი ადამიანია, ასეთივე საუკეთესო პარტნიორია. ძალიან მადლიერი ვარ მისი და დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი. მე და ბატონი ბესო მეგრელიშვილი ერთ თეატრში ვიყავით და ერთ სპექტაკლში გვითამაშია, შესაბამისად უფრო კარგად ვიცნობდი. ბაიკოს კი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე შევხვდი. კი, ბევრ რამეში მისი მადლიერი ვარ.
- "ტიკ-ტოკზე" თქვენს ფოტოებს ხშირად აზიარებენ, სადაც „დაქალებიდანაც“ არის ფოტო აღებული...
- არ მაქვს „ტიკ-ტოკი“ და მითხრეს, რომ ჩემი ფოტოები აქტიურად ტრიალებს. ერთ-ერთმა ძალიან ცუდად გამოიყენა. ფსიქოლოგია, ქვემოთ უწერია, რომ არის დიეტოლოგიც და თუ ვინმეს წონაში დაკლება უნდა, მას მიმართოს, ნომერიც აქვს მითითებული. მოკლედ ჩემი ორი ფოტო უდევს - ერთი „დაქალებიდან“ და მეორე სოციალური ქსელიდანაა აღებული - ჩემი პროფილის ფოტო. მივწერე, მიპასუხა, მაგრამ რეალური პიროვნებაა თუ არა, ამას ვერ მივხვდი და დავეჭვდი. ვერ გავიგე რეალურ ადამიანს ველაპარაკე თუ არა. ვუთხარი, გიჩივლებთ, ასეთი რამ არ შეიძლება-მეთქი. მიჩივლეთ, გააზიარეთ, - ეს ჩემთვის კარგიაო... ბოლომდე აღარ მივყევი, რადგან როგორც ვთქვი, არ ვიცოდი, ვის ველაპარაკებოდი. უბრალოდ, მინდა ხალხმა გაიგოს, რომ მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არასოდეს მიმიმართავს მისთვის დიეტაზე და არც ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. ჩემი ფოტოები ჰქონდა გამოყენებული იმისთვის, რომ მისი, როგორც ფსიქოლოგის პოზიციის გამყარებაში დაეხმაროს...
- იმიჯი სერიალის შემდეგ მართლაც შეცვლილი გაქვთ. იმ ფოტოებს რომ ვუყურებ და ახლანდელს - თითქოს 2 სხვადასხვა ადამიანია. წონის დაკლებამ ძალიან შეგცვალათ. თქვენ შემთხვევაში ბარიატრიასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- არა, ბარიატრია არ ყოფილა - ეს სიყვარულთან იყო დაკავშირებული და ძალიან ბევრი კილოგრამი დავიკელი, სადღაც 40-ზე მეტი... მერე ორსულად ვიყავი და ისევ მოვიმატე. ახლა ძველ წონაზე არ ვარ, მაგრამ მაინც მომატებული ვარ... 2 წლის პატარა მყავს და ჯერჯერობით ვერ ვიკლებ. ისე სანამ შეყვარებული ვიქნებოდი, მანამდეც დიეტაზე ვიყავი და ასევე დავიკელი.
- ვინ არის თქვენი სიყვარულის ობიექტი?
- ჩემი მეუღლე - დავით ჟღენტი და ახალ მე და ჩემი მეუღლე ვზრდით ჩვენს გოგონას...

- ახალი წელი მოდის, როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა...
- განწყობა გადასარევი გვაქვს, საზეიმო. ვცდილობთ, ყველაფერი მოვაგვაროთ - რაღაც საქმეები 2026 წელს არ გადავიტანოთ. თეატრში მაქვს სპექტაკლები - ფაქტობრივად საახალწლო სპექტაკლებია პატარებისთვის. თვითონაც საახალწლო გაწამაწიაში ვარ, ბავშვი, თეატრი - ამ პერიოდში ასეა მსახიობების უმეტესობა. გაწყობა კი ასეთია - ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი უკვე გასულ წელს, რაც იყო, როგორც იყო - ყველაფრისთვის და დიდი იმედებით ველოდები ახალ წელს. მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იქნება მშვიდობა, მოხუცებიც კარგად იქნებიან, ბავშვებიც, ბევრი რამ დალაგდება, პრობლემები აღარ იქნება.

ეს ფიქრები ჩემში ლოცვასავით არის ხოლმე და ტრადიციასავით მაქვს, რომ 12 საათამდე ამას გონებაში სულ ვიმეორებ. მთავარი მაინც ისაა, რომ მადლიერები ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვსაც უხარია, მიიღო საჩუქრები - ჟივილ-ხივილით ხვდება საჩუქრებს, მაგრამ ჯერ პატარაა იმისთვის, რომ კარგად გაიგოს, რა ხდება. დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩემს გოგოებს, არაჩვეულებრივ მსახიობებს - ანი ზამბახიძეს და ანი მღებრიშვილს - ვისთან ერთადაც მომიწევს ამ ახალი წლის დღეებში სპექტაკლზე მუშაობა. ერთი თვის განმავლობაში პრაქტიკულად ერთ ოთახში უნდა ვიყოთ. როგორც პატარა მაყურებლებს გავულამაზებთ სადღესასწაულო განწყობას, ისე ერთმანეთის განწყობაზეც უნდა ვიზრუნოთ.