"სატირა არ არის მიზანი თავისთავად, ის საშუალებაა. საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოებამ საკუთარ თავზე დაფიქრება დაიწყოს" - ამბობს კონტენტ-კრეატორი - გიორგი ჩუბინიძე. პროფესიით - ისტორიკოსი, ილიას და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდიატი და მკვლევარი უკვე წლებია სოციალურ ქსელებში აქტიურობს.
მის მიერ 2011 წელს შექმნილი გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი“, ( 38 ათასი გამომწერით, 23 მილიონი გვერდში ჩართულობით ) ბოლო პერიოდში სატირული და ალეგორიული პოსტებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის მიზეზი გახდა. ინტერვიუში გიორგი ჩუბინიძე გვესაუბრება სატირის ძალაზე, საზოგადოების რეაქციებზე და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე.
- როგორ და რა კონტექსტში შეიქმნა გვერდი "ხაშურის მუნიციპალიტეტი"?
- გვერდი 2011 წლის 27 თებერვალს შევქმენი. თავდაპირველად ის უფრო ინფორმაციული ხასიათის იყო, ვწერდი ხაშურის ისტორიის, ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი პრობლემების შესახებ. ჩემთვის წერა ყოველთვის თვითგამოხატვისა და დაკვირვების ფორმა იყო.ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან, გვერდის შინაარსი შეიცვალა და უფრო სატირული გახდა. ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია, უფრო რეაქცია იყო იმ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობაზე, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ. ზოგჯერ აბსურდის ფორმა რეალობას უფრო მკაფიოდ აჩენს, ვიდრე პირდაპირი აღწერა.
- რატომ აირჩიეთ სატირა და ალეგორია, როგორც გამოხატვის ფორმა?
- ისტორიკოსისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტების აღწერა, არამედ მათი გააზრება. სატირა ამ მხრივ ერთგვარი ინტელექტუალური ინსტრუმენტია — ის გვაძლევს საშუალებას, დისტანციიდან დავაკვირდეთ რეალობას. ჩემი დასკვნით, პირდაპირი კრიტიკა ხშირად წინააღმდეგობას იწვევს, ხოლო ირონია და სარკაზმი ადამიანს ფიქრისკენ უბიძგებს. როცა რაღაც აშკარად აბსურდულია, ჩნდება კითხვა, რატომ ვიღებთ ამას ნორმად? სწორედ ეს კითხვა მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თქვენი პოსტები ბევრმა რეალურ ინფორმაციად მიიღო. რას აჩვენებს ეს გამოცდილება?
- ეს გამოცდილება ჩემთვის ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტიც აღმოჩნდა. ყველა ასეთ პოსტს თან ახლდა განმარტება, რომ ის სატირაა, თუმცა მაინც არსებობდა შემთხვევები, როცა ადამიანები მას რეალურად აღიქვამდნენ. ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი გვერდის ან ერთი ავტორის პრობლემა არ არის. ეს გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადია თანამედროვე საზოგადოება ინფორმაციის მიმართ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ემოციურად დამუხტულია ან ავტორიტეტული ფორმით არის მიწოდებული. ამ კონტექსტში მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
- თქვენი საქმიანობა ხშირად მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. როგორ აფასებთ მედიის რეაქციას?
- მედიის რეაქცია ძალიან მრავალფეროვანი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა თავად შინაარსის „გაქარწყლებაზე“ და არა იმ მიზანზე, რის გამოც ეს ტექსტები შეიქმნა. ესეც საინტერესო სიმპტომია, ხშირად ვკონცენტრირდებით ფორმაზე და არა შინაარსზე. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დასტური გახდა, რომ საზოგადოებრივ დისკუსიაში საჭიროა მეტი სიღრმე, კონტექსტი და პასუხისმგებლობა, როგორც ავტორების, ისე მედიის მხრიდან.
- გვერდის სახელწოდება "ხაშურის მუნიციპალიტეტი“ კრიტიკის საგნადაც ქცეულა. როგორ პასუხობთ ამ შენიშვნებს?
- ხაშურის მუნიციპალიტეტი არ არის რომელიმე უწყება ან თანამდებობის პირი. ეს არის გეოგრაფიული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოქალაქეებს ეკუთვნით. ამ სახელწოდებას სწორედ ამ მნიშვნელობით ვიყენებ. გვერდი 15 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლება, მთავრობა, ჩინოვნიკები, მაგრამ პრობლემები, რომლებზეც მოქალაქეები საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში იგივე დარჩა. ამ კონტექსტში, ჩემთვის ეს სახელწოდება არა შეცდომაში შემყვანი, არამედ სიმბოლურია.
- რამდენად მნიშვნელოვანია დღეს სატირა და კრიტიკული აზროვნება?
- ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია უსასრულოდ მრავლდება, ხოლო მისი გადამოწმება სულ უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე. ასეთ პირობებში კრიტიკული აზროვნება და ირონიის, ალეგორიის, თუ ტყუილ-მართლის გარჩევის უნარი აუცილებელი უნარებია. სატირა არ არის მიზანი თავისთავად, ის საშუალებაა. საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოებამ საკუთარ თავზე დაფიქრება დაიწყოს.