ავტორი:

3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

გთავაზობთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც დღეიდან - 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა:

  • 1. პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები

პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის.

აღნიშნული კანონის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ამასთან, უკვე მოქმედებს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება.

კანონი ადგენს, რომ დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის - ცხოველის ცემა, ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან წახალისება სხვა ცხოველის და ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ასევე ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელი იქნება ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება (გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა.

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო.

  • 2. მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან ავტომატურად აღუდგებათ

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მართვის უფლება ავტომატურად აღუდგებათ და მათ მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება.

პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის, სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება. შეღავათი ეტაპობრივად განხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობა 35 500-მდე პირს აქვს შეჩერებული.

  • 3. მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.

ახალი წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

წყარო