ავტორი:

ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მოქალაქეები სვანეთის გზაზე ავტომობილებით გვირაბში გაიჭედნენ - რას აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი?

ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მოქალაქეები სვანეთის გზაზე ავტომობილებით გვირაბში გაიჭედნენ - რას აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი?

სვანეთის გზაზე, სავარაუდოდ, სოფელ იდლიანთან წუხელ ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოქალაქეები ავტომობილებით გვირაბში გაიჭედნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ისინი ამჟამად უკვე უსაფრთხოდ არიან გამოყვანილები

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილნი, ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ადგილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ერთი ზოლი თოვლისგან უკვე გაწმენდილია.

“თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) და კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- ნათქვამია გების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი ამ დრომდე ნარჩუნდება.