შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაზე მდებარე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, "რამდენიმე ათეული“ ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-მდე კი დაშავდა. ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა თავდაპირველად პოლიცია აფეთქების შესახებ აცხადებდა. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ახალი წლის ღამეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 01:30 საათზე ბარში, სახელწოდებით "Le Constellation“ .
შვეიცარიული გამოცემა Blick ვარაუდობს, რომ ხანძრის მიზეზი შესაძლოა კონცერტის დროს გამოყენებული ფეიერვერკები ყოფილიყო, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ტერიტორია სრულად ჩაკეტილია, ხოლო კრან-მონტანას თავზე დაწესებულია ფრენების აკრძალვა. მათივე თქმით, მომხდარი ტერაქტად არ განიხილება.
გამოცემა Blick, პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ აფეთქების მომენტში ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
პრესკონფერენციაზე ვალეს კანტონის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბარ "Le Constellation“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა "რამდენიმე ათეულს“ შეადგენს, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუკონკრეტებია.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მათი მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 40 ადამიანი.
ვალეს კანტონის გენერალურმა პროკურორმა ბეატრის პილუდმა აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება "იმ გარემოებების დასადგენად, რის გამოც ეს ტრაგედია მოხდა“.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსხვერპლთა იდენტიფიცირების პროცესი და ცხედრების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება ოჯახებისთვის:
"ამისთვის დიდი სამუშაოა საჭირო და ეს სამუშაო ტერიტორიის დახურვას მოითხოვს“.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 10 ვერტმფრენი, 40 სასწრაფო დახმარების ავტომობილი და 150 მაშველი.
ბარის ინტერიერი, ხედი შიგნიდანფოტოს ავტორი: Valais-ის კანტონალური პოლიციაფოტოს აღწერა: შვეიცარიის პოლიციამ გაავრცელა ბარის ინტერიერის პირველი ფოტოები
მონაცემების მიხედვით, დაშავებულთა უმეტესობამ მძიმე დაზიანებები და ძლიერი დამწვრობები მიიღო. რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მატიას რეინარის თქმით, დაშავებულთა უმრავლესობა გადაიყვანეს ვალეს საავადმყოფოში, რომლის რეანიმაციული განყოფილება უკვე გადატვირთულია. მან მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ საავადმყოფოში არასაჭირო ვიზიტებისგან.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მილანის საავადმყოფო "ნიგუარდა“ მზად არის, დამწვრობის მძიმე შემთხვევების განყოფილება დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენოს.
შვეიცარიული მედიის ცნობით, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ კრან-მონტანაში მომხდარის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის პრესრელიზის მიხედვით, მიღებულია გადაწყვეტილება "უახლოეს დღეებში დაუყოვნებლივ მობილიზდეს ყველა აუცილებელი რესურსი“.
BBC-ის კორესპონდენტის, სილვია კოსტელოს ცნობით, ბარი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მინიმუმ 40 წელია ფუნქციონირებს.
ეს არის დიდი, ახალგაზრდებზე ორიენტირებული ბარი - არა ელიტური, თუმცა მდებარეობს ძვირადღირებულ სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც 1980-იან წლებში სათხილამურო მსოფლიო თასი ტარდებოდა.
შენობა საკმაოდ ფართოა: ზედა სართულზე ტელევიზორებია, სადაც სტუმრები ფეხბურთის მატჩებს უყურებენ, ქვედა სართულზე კი დიდი ბარია განთავსებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სივრცე დაახლოებით 300 ადამიანზეა გათვლილი.
კრან-მონტანა შვეიცარიის ვალეს კანტონში მდებარე ელიტური სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც 130 კილომეტრი სათხილამურო ტრასაა გაჭრილი. წყარო
იხილეთ ასევე: