ჟურნალისტი, მსახიობი, გიდი და ა.შ. დათო ლიკლიკაძე თავს გადახდენილ თუ ყურმოკრულ ამბებს, როგორც წესი, თავს უყრის ხოლმე, იუმორესკებად აქცევს და ახარებს მკითხველს თუ მსმენელს. მოყოლასაც ხომ გააჩნია? ამაშიც არ ჰყავს ბადალი. წელსაც, ტრადიციულად, შევეხმიანეთ ხალისითა და იუმორით სავსე რესპონდენტს და ისიც ჩვენი მკითხველისთვის საგანგებოდ შერჩეული ამბებით დაგვხვდა.
- მოგეხსენებათ, საახალწლოდ ორგანიზაციები ცნობილ სახეებს უგზავნიან ხოლმე ნობათს - კალათებს ხილითა და ტკბილეულით, კალენდრებს, სასმელს, უბის წიგნაკებს და ა.შ. თავიანთი დაბრენდილი ჩანთებით. არც ერთ წელს არ ვუჩივი საჩუქრებს, მომდის და მომდის ბანკებიდან, სამინისტროებიდან თუ კერძო ბიზნესებიდან, ახალ წელს მილოცავენ და, რა თქმა უნდა, ეს მახარებს. ჩემი ოპერატორი ონისე მელქაძე ძალიან ენამახვილი ადამიანია. სულ მეუბნება, ერთხელ შენთან დაგვპატიჟე სახლშიო. რაც ოჯახი შევქმენი, მეათე წელია ოროთახიან ბინაში ვიწროდ ვცხოვრობ (წლების უკან კი შევიძინე ოთხოთახიანი, ახლა ვარემონტებ და გადასვლას ვაპირებ), ვერც ბევრ რამეს ვატევთ ბინაში, ორი კაცი რომ მომივიდეს სტუმარი, მე გარეთ უნდა გავიდე. ჰოდა, ონისეს ვეუბნები, ხომ იცი, ვიწროდ ვცხოვრობ და ამიტომ ვერ გეპატიჟებით-მეთქი. ახლა ხომ ხედავს, დღე არ გავა, დღეში 4-5 უზარმაზარი კალათა არ მოვიდეს ჩემთვის, იქვე ვცხოვრობ, სამსახურთან, და გადამაქვს და გადამაქვს სახლში. ონისე მეუბნება, ბიჯო, სახლში ვერ ვეტევიო, ჩვენ ვერ გვატევ და ამდენ კალათას რაფერ ატევ, ერთი მაინც გახსენი სამსახურში, დავლევთ და შევჭამთო.
- იუმორს, ძირითადად, "მარშრუტკებიდან" ვიღებ, თქვენთანაც მომიყოლია. ამას წინათ, 11 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი და იქ კამათი წავიდა: ერთი კაცი ეკითხება მეორეს, რომლიანი ხარო და ის ეუბნება, 68-ანიო. წინ რა აქვს, წინო. წინ რა უნდა ჰქონდეს, 1700-იანი ხომ არ ვიქნები, შენი დედა ვატირეო. ამაზე თითქოს უნდა ეცინათ, მაგრამ სასწაული ჩხუბი აიწია...
მეორე შემთხვევას მოგიყვებით: "მარშრუტკიდან" კაცი ჩადის და მანდილოსანს გამოსძახა:
- თქვენი აღებულია, ქალბატონო (დაპატიჟა).
- დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გიცანით.
- მე ის ვარ, შარშან რომ ვიწექი თქვენთან, ნინოშვილის ქუჩაზეო.
- აა, გამახსენდით, გამახსენდით, გენაცვალე, გაიხარეთ.
ახლა უკვე ამ ქალს უყურებს მთელი "მარშრუტკა". ქალი მიხვდა და - ვაიმე, გენაცვალე, რეანიმაციის ექთანი ვარ კლინიკურ საავადმყოფოშიო, მოიბოდიშა.
- მოგეხსენებათ, გიდიც გახლავართ, ტურებს ვაკეთებ... გერმანული ოჯახი იყო ჩამოსული, რომელსაც თან ახლდა სტუდენტი გოგონა, ვისაც სტუმრობდნენ. ეს გოგონა 2 წელი იქ ცხოვრობდა და, ასე ვთქვათ, მათი შვილობილია. მან დაპატიჟა გერმანული ოჯახი და ათვალიერებინებს საქართველოს. ქუთაისში გიდად მე ამიყვანეს, გასამრჯელოზე შევთანხმდით და მეც შევუდექი საქმეს - ვათვალიერებინებ ქუთაისს. სტუმრები სასტუმრო "მემუარში" ცხოვრობდნენ, რომლის გვერდით ფოტომუზეუმია, სადაც ქუთაისის ძველი ფოტოებია გამოფენილი, მე-19 საუკუნის ბოლოს ერმაკოვის გადაღებული ქალაქი, ფოტოები ორიგინალებია და ამას მოყოლებული, მთელი ქალაქის ისტორიაა ჩატეული. მუზეუმს "ფოტომატიანე" ჰქვია და უფასოა (მუნიციპალური მუზეუმია). რადგან უფასო იყო, თან გერმანელებიც იქვე, სასტუმროში ცხოვრობდნენ, მუზეუმი ბოლოსთვის მოვიტოვე. გააგრძელეთ კითხვა