ავტორი:

ახალი წლის ღამეს, შვეიცარიაში მომხდარი ხანძრისას 40-მდე ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ახალი დეტალები: "ერთი ვერსიით, ცეცხლი შამპანურის ბოთლში მოთავსებული ფეიერვერკის გამო გაჩნდა"

ახალი წლის ღამეს, შვეიცარიაში მომხდარი ხანძრისას 40-მდე ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ახალი დეტალები: "ერთი ვერსიით, ცეცხლი შამპანურის ბოთლში მოთავსებული ფეიერვერკის გამო გაჩნდა"

შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაზე მდებარე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 - მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დამწვრობითა და ტრავმებით კლინიკებში 115 ადამიანია გადაყვანილი, - ამის შესახებ მედიას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა აცნობა.

ვალეს კანტონის პოლიციის უფროსის ფრედერიკ გილერის განცხადებით, დაღუპულთა, ისევე როგორც მძიმე დამწვრობის მქონე დაშავებულთა იდენტიფიცირება გარკვეულ დროს მოითხოვს. ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან როგორც შვეიცარიის მოქალაქეები, ასევე უცხოელი ტურისტები.

ხანძარი ახალი წლის ღამეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 01:30 საათზე გაჩნდა ბარში, სახელწოდებით "Le Constellation“.

ვალეს კანტონის საბჭოს თავმჯდომარემ, მატიას რეინარმა კი განაცხადა, რომ 60 დაშავებული გადაიყვანეს კანტონის დედაქალაქ სონში მდებარე საავადმყოფოში. დანარჩენი დაშავებულები, ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, გადაიყვანეს ჟენევის, ლოზანის, ბერნისა და ციურიხის საავადმყოფოებში.

რეინარის განცხადებით, დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება მეზობელმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ შესთავაზეს.

როგორც შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა, ბეატრის პილუმ განაცხადა, ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის და გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

ხანძრის თვითმხილველებმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ცეცხლი შამპანურის ბოთლში მოთავსებული ფეიერვერკის გამო გაჩნდა, რომელიც ჭერთან ძალიან ახლოს მიიტანეს. მათი თქმით, ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ ჭერზე.

ამ ვერსიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა პილუმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს დაადასტურებს.

ვალეს კანტონის პარლამენტის წევრმა, შტეფან განცერმა, გენპროკურორის შემდეგ გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, ბარში აფეთქება არ მომხდარა, ხანძარი არც დივერსიისა და არც ტერაქტის შედეგად არ გაჩენილა. ტერაქტის ვერსია მანამდე გენპროკურორმაც გამორიცხა.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 13 ვერტმფრენი, სასწრაფო დახმარების 42 ავტომობილი და 150 მაშველი.

მონაცემების მიხედვით, დაშავებულთა უმეტესობამ მძიმე დაზიანებები და ძლიერი დამწვრობები მიიღო.

BBC-ის კორესპონდენტის, სილვია კოსტელოს ცნობით, ბარი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მინიმუმ 40 წელია ფუნქციონირებს.

ეს არის დიდი, ახალგაზრდებზე ორიენტირებული ბარი - არა ელიტური, თუმცა მდებარეობს ძვირადღირებულ სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც 1980-იან წლებში სათხილამურო მსოფლიო თასი ტარდებოდა.

შენობა საკმაოდ ფართოა: ზედა სართულზე ტელევიზორებია, სადაც სტუმრები ფეხბურთის მატჩებს უყურებენ, ქვედა სართულზე კი დიდი ბარია განთავსებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სივრცე დაახლოებით 300 ადამიანზეა გათვლილი.

კრან-მონტანა შვეიცარიის ვალეს კანტონში მდებარე ელიტური სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც 130 კილომეტრი სათხილამურო ტრასაა გაჭრილი.

შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა.