საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აქციებისას დაკავებულთა ნაწილის, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ ხელისუფლებას სამჯერ მიმართა.
"პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქი დანაშაული ვისაც შეიძლება, რომ ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების“ ეთერში.
"ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი“, - განაცხადა მან.
თუმცა, მისი თქმით, "არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.
"ჩვენ, ახლა, ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რომელიმე პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ“, - განაცხადა მან.