ირანში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება მასშტაბური საპროტესტო აქციები. არსებული ცნობებით, დემონსტრანტებისა და ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლიც.
ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო, რაც გამოიწვია მაღალმა ინფლაციამ და სხვა მწვავე ეკონომიკურმა პრობლემებმა. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გავიდნენ. მათ 30 დეკემბერს სტუდენტები შეუერთდნენ. ანტისამთავრობო პროტესტმა არაერთი ქალაქი მოიცვა.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების და უფლებადამცველთა ჯგუფ Hengaw-ის მიერ 1-ელ იანვარს გავრცელებული ცნობებით, ლორდეგანში, ისპაანსა და აზნაში, საერთო ჯამში, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, დაღუპულთა შორისაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული მოხალისეთა გასამხედროებული დაჯგუფების ერთი წევრი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს არეულობების დროს დამწვარი ავტომობილები.
პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულებას მოითხოვს, ზოგი კი მონარქიის აღდგენის მოწოდებითაც გამოდის.
BBC-ის სპარსულმა სამსახურმა გადაამოწმა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ასახულია საპროტესტო აქციები ქალაქ ლორდეგანში, დედაქალაქ თეირანში და სამხრეთ პროვინცია ფარსში მდებარე მარვდაშთში.
ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და სახელმწიფო უწყებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საბანკო დასვენების დღე გამოაცხადა, სავარაუდოდ, არეულობების ჩასახშობად.
ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ცივი ამინდის ფონზე ენერგიის დაზოგვის აუცილებლობით აიხსნა, თუმცა ბევრმა ირანელმა ეს პროტესტების შეკავების მცდელობად აღიქვა.
მიმდინარე აქციები 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. მაშინ ირანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ, რომელიც პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ დაიღუპა. თუმცა, ამჟამინდელი პროტესტები იმ მასშტაბს ჯერ ვერ აღწევს.
ესკალაციის თავიდან ასაცილებლად თეირანის იმ რაიონებში, სადაც დემონსტრაციები დაიწყო, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის მოუსმინოს პროტესტის მონაწილეთა "კანონიერ მოთხოვნებს“.
ამასთანავე, გენერალურმა პროკურორმა მოჰამად მოვაჰედ-აზადმა ირანელის საზოგადოება გააფრთხილა, რომ დესტაბილიზაციისკენ ნებისმიერი მცდელობა, "მკაცრ პასუხს“ მიიღებს.